მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა უკვე 2 მლრდ ლარს აჭარბებს" - კოვზანაძე

5e43e8cdcdf2f
თელარა გელანტია
12.02.20 15:59
657
„დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დაარსებიდან თითქმის სამი წლის განმავლობაში საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2 მილიარდ ლარს აჭარბებს. წელს 1 ივლისიდან კი დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 5000-დან 15 000 ლარამდე გაიზრდება“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელ ოთარ ძიძიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლისგანაც სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველია.

„2017 წლამდე, დეპოზიტების შესახებ კანონის მიღებამდე, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო არ არსებობდა. დღეს კი უკვე 2 მილიარდ ლარს აჭარბებს დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტატისტიკურ მონაცემებს და წლების განმავლობაში დეპოზიტების დაზღვევის მზარდ ტრენდს. მთავარი აქცენტი, გაკეთდა დაგეგმილ საკანონმდებლო სიახლეებზე, მათ შორის დეპოზიტების დაზღვევის ზღვარის გაზრდაზე. ირაკლი კოვზანაძე სააგენტოს, ამჯერადაც პარლამენტიდან სრულ მხარდაჭერას დაპირდა.