მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბავშვო ანაბრიდან თანხის გასატანად მშობელს სასამართლოს თანხმობა დასჭირდება

5f44ef5f6306f
თამუნა ქემერტელიძე
25.08.20 15:02
12036
არასრულწლოვნის ანაბარზე არსებული თანხის განკარგვა მხოლოდ სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. შესაბამისი ცვლილება სამოქალაქო კოდექსში უკვე შევიდა და ის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ცვლილება არამხოლოდ დეპოზიტს, არამედ არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებასაც ეხება.

კერძოდ, სამოქალაქო კოდექსში უკვე გაჩნდა შემდეგი სახის ჩანაწერი: “ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე”.

Bm.ge-ის კითხვაზე - რა გახდა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიზეზი და რა მიზანს ემსახურება ის, საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ „გადაწყვეტილება არასრულწლოვნის უფლებების დაცვით მიზნით განხორციელდა და მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც არის”.

„სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული ცვლილება ძალაში ჯერ კიდევ 2019 წელს შევიდა და ის მიმდინარე წლის ივლისში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ვადამ 1 სექტემბრამდე გადაიწია. ცვლილებებამდე მშობელს კონკრეტული ვადით შეეძლო საბავშვო დეპოზიტის გახსნა, მერე კი, ეს თანხა პირდაპირ მშობლის ანგარიშზე ირიცხებოდა და მისი განკარგვა შესაძლებელი იყო, თუმცა 1 სექტემბრიდან ამისთვის სასამართლოს ნებართვა იქნება საჭირო და იმის დასაბუთება, რომ ეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად ხდება”, - განმარტავს ალეკო ძნელაძე.

bm.ge-ის კიდევ ერთ კითხვაზე - თუ რა ვადა აქვს მიცემული სასამართლოს შესაბამისი ნებართვის გასაცემად, ძნელაძე ამბობს, რომ ეს კანონში გაწერილი არაა და ამ კითხვაზე პასუხი არც საბანკო სექტორს აქვს.

“რაიმე სპეციალური განხილვის წესი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, ჩვენც გვაქვს კითხვები ამის თაობაზე… იმედია, სასამართლო მაქსიმალურად მოქნილი იქნება“, - აღნიშნა საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა.