მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საბავშვო ბაღების ფასი სექტემბრიდან 10-15%-ით გაიზრდება” - კერძო ბაღების ასოციაცია

628dd01eb9dd4
მარიამ ადამია
25.05.22 22:22
1687
კერძო ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელმა, პავლე ქალიაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” აღნიშნა, რომ კერძო ბაღებში ღირებულებამ, 2021 წლის დასაწყისში, დაახლოებით 15%-ით მოიმატა. მას შემდეგ კი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაძვირდა, ფასი არ შეცვლილა, თუმცა ახალი სეზონიდან მატება გარდაუვალია.

“ახალი სეზონიდან კერძო ბაგა-ბარებში მომსახურებაზე ღირებულება აუცილებლად, დაახლოებით 10-15%-ით გაიზრდება, რადგან ახლა ფასს ხელოვნურად ვინარჩუნებთ, სამომავლო პერსპექტივაში კი, იმდენი გაუთვალისწინებელი ხარჯი გვემატება, სხვაგვარად შეუძლებელი ხდება ოპერირება,” - ამბობს პავლე ქალიაშვილი.

თუმცა კერძო ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელის ვარაუდით, ფასის ზრდა არ გამოიწვევს მომხმარებლების შემცირებას. პირიქით შეზღუდვების მოხსნისა და პანდემიის დასტაბილურების ფონზე მომხმარებელთა ზრდას და 2019 წლის მაჩვენებლების დაბრუნებას ელოდებიან.

“უკვე ერთი წელია სრულად ფუნქციონირებს კერძო საბავშვო ბაღები, აღდგა რამდენიმე დახურული ბაღი და შეემატა ახალი ბიზნეს ოპერატორებიც. ჯამში, ბავშვებისთვის ბაღებში დაახლოებით 13 500 ადგილია გამოყოფილი, რომელსაც სრულად ავითვისებთ, მთელი საქართველოს მასშტაბით,” - განაცხადა ქალიაშვილმა.

გარდა ამისა, გადაცემა “საქმიან დილაში” კერძო ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გართულებულ კომუნიკაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომუნიკაციას ძირითადად, წერილობითი გზით ცდილობენ, თუმცა ეს პროცესი იმდენად დროში იწელება, რომ იმ პრობლემას, რაზეც მიმართავენ ხოლმე შესაბამის უწყებას, მანამ ვიდრე მთავრობაში ადრესატამდე მიაღწევს, თავადაც აგვარებენ. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვების რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე წარიმართება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, დაახლოებით 16 000 ადგილია და სწორედ ამ ე.წ. ვაკანტურ ადგილებზე იქნება შესაძლებელი აპლიკაციების შევსება.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი 3 ივნისიდან 10 ივნისამდე გაგრძელდება.