21.იანვარი .2021 23:40

საბავშვო სამოსი „ლიდერქიდსი“ ბრიტანულ Amazon-ზე გაიყიდება

საბავშვო სამოსი „ლიდერქიდსი“ ბრიტანულ Amazon-ზე გაიყიდება
views 733
უკან

გორში წარმოებული საბავშვო სამოსი „ლიდერქიდსი“ ბრიტანულ Amazon-ზე გაიყიდება - ამის შესახებ BM.GE-ის სამკერვალო „ლიდერის“ დამფუძნებელმა ნინო გიორგაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა და გაზაფხულზე „ლიდერქიდსის“ სამოსის ყიდვა ონლაინ-პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.

„ამჟამად EPRC-ის ხელშეწყობით მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე ვართ და პროდუქციის გაგზავნას ბრიტანულ Amazon-ზე ვგეგმავთ. თავდაპირველად რამდენიმე ასეული - სატესტო პარტია გაიგზავნება და სავარაუდოდ გაზაფხულზე გაყიდვები დაიწყება. ამის შემდეგ უკვე ვიმუშავებთ მოთხოვნის შესაბამისად. ვფიქრობ, რომ ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი იქნება“, - ამბობს ნინო გიორგაძე.

მეწარმე ქალის თქმით, ექსპორტის მიმართულებით ფიქრი სამკერვალოში „აწარმოე საქართველოს“ ექსპორტის შესახებ კურსებისა და EPRC-ის ხელშეწყობით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან ექსპორტის წარმოების გზების გავლის შემდეგ დაიწყეს და დღეს უკვე საერთაშორისო საბავშვო გამოფენა Play Time-ზე მონაწილეობისთვის ემზადებიან.

„Play Time-ში მონაწილეობისას „აწარმოე საქართველოს“ ხელშეწყობით ვყიდულობთ ციფრულ სავაჭრო სივრცეს, სადაც ერთი წლის განმავლობაში განთავსდება ჩვენი პროდუქცია. ონლაინ პლატფორმის საშუალებით ჩვენ პოტენციური მყიდველის შეთავაზებებზე ვისაუბრებთ და ასე გავაცნობთ ჩვენს პროდუქტს მათ“, - აცხადებს „ლიდერქიდსის“ შემქმნელი.

ნინო გიორგაძე იმედოვნებს, რომ ორ წელიწადში „ლიდერქიდსის“ საბავშვო სამოსი ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში იქნება გასული.

„ეს შესაძლებლობები კომპანიისთვის, რომელმაც საბავშვო ხაზის წარმოება სულ ერთი წელია რაც დაიწყო, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს ის და მიიჩნევს, რომ ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების ათვისების შემდეგ კომპანია წარმოების გაზრდას შეძლებს.

„ჩვენი გათვლებით ყოველწლიურად გაყიდვები 10%-15% უნდა გაიზარდოს, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენი სამკერვალოს წარმადობის რესურსი ავითვისოთ. თუმცა, როდის შევძლებთ 45 000 ცალიან წარმოებაზე გასვლას, ამაზე საუბარი ნაადრევია“, - უთხრა BM.GE-ის სამკერვალოს დამფუძნებელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა