მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბჭო, რომელიც თქვენს პენსიებს განკარგავს, პროფესიული შეცდომის დასაზღვევად, დაზღვევას ქირაობს

5fe1fc79007b7
შოთა ტყეშელაშვილი
22.12.20 18:00
1662
საქართველოს 1.1 მილიონი მოქალაქე 2019 წლიდან ნაწილობრივ სავალდებულო საპენსიო სისტემაში არის ჩართული. თქვენი ყოველთვიური ხელფასიდან 2% ავტომატურად სახელმწიფო საპენსიო სააგენტოში ირიცხება (დამატებით დამსაქმებელი რიცხვს 2%-ს, სახელმწიფო ბიუჯეტიც - 2%-ს). საპენსიო ფონდის მოცულობა კი, 1.15 მილიარდი ლარია. ამ თანხას მოქალაქეები პენსიაზე გასვლის შემდგომ საბაზო პენსიასთან ერთად აიღებენ.

იმის მიუხედავად, რომ სქემას სახელმწიფო განკარგავს, მისი მარეგულირებელი დოკუმენტის - “დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის” თანახმად, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების დაზღვევა არ ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა კრიზისის შედეგად, თქვენი საპენსიო დანაზოგის რეალური ღირებულება შეიძლება შემცირდეს. საპენსიო სისტემის მოქმედებას რამდენიმე მხარე აკონტროლებს, ესენია: სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო, რაც მთავრობის წევრებისგან შედგება, საინვესტიციო საბჭო, რომლის წევრებიც საერთაშორისო სპეციალისტები არიან და ეროვნული ბანკი. თავად ინვესტირების პროცესი კი “დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონისა” და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად წარიმართება. უშუალოდ ინვესტირების პროცესს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი განკარგავს, მასთან ერთად საინვესტიციო აქტივების რისკებს მთავარი რისკის ოფიცერი აფასებს.

როგორც დღეს BMG-ისთვის გახდა ცნობილი, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო კერძო სადაზღვევო ორგანიზაციაში მისი წევრების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სერვისს ყიდულობს. ამ სერვისში სააგენტო საკუთარი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 200 ათას ლარზე მეტს გადაიხდის.

როგორც BMG-ის საპენსიო სააგენტოში განუცხადეს, საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა ნიშნავს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საინვესტიციო საბჭოს წევრის/წევრების პასუხისმგებლობით, დადგება ზიანი, სააგენტოს წინაშე ამ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სადაზღვევო კომპანიას ექნება.

“საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომლის თავმჯდომარეცაა ოლივე რუსო, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე- ჟან-ფრედერიკ პოლსენი, წევრები - ტიმო ვიჰერკენტა და მაიკლ რიდლი, გამოცხადდა ტენდერი საინვესტიციო საბჭოს წევრების პასუხისმგებლობის დაზღვევასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანიის მიერ. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო საბჭოს წევრები ვერ და არ თავისუფლდებიან კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისგან. ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა, შესაბამისად, გამოდის რომ საპენსიო სქემის მონაწილეები არიან დაზღვეული, ანუ ზარალის დადგომის შემთხვევაში, მომენტალურად უნაზღაურდება ზიანი.

სადაზღვევო კომპანია დაზღვეულ პირებს (საინვესტიციო საბჭოს წევრებს) აუნაზღაურებს ზარალს, რომლისთვისაც დაზღვეული პირი პასუხისმგებელია ამა თუ იმ არამართლზომიერი ქმედების გამო. ამასთან არამართლზომიერ ქმედებაში იგულისხმება, დაზღვეული პირის მიერ ნებისმიერი ფაქტობრივი ან სავარაუდო ქმედება, შეცდომა ან უმოქმედობა დაზღვეული პირის განსაზღვრებაში მოცემულ რომელიმე კომპეტენციაში მოქმედების ფარგლებში. ზარალი არ მოიცავს სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ ან სამოქალაქო ჯარიმებს თუ პირგასამტეხლოებს, გადასახადებს, ანაზღაუარებას ან დასაქმებასთან დაკავშირებულ შეღავათებს (ბენეფიტებს).

პასუხისმგებლობის (Directors and Officers Liability Insurance Policy (D&O)) დაზღვევის საკითხი საინვესტიციო საბჭოს მიერ მათი საქმიანობის საწყის ეტაპზე იყო დაყენებული. შესაბამისად, აღნიშნული დაზღვევის შესყიდვაზე მსჯელობა და ბაზრის კვლევა 2019 წლიდან მიმდინარეობს (საინვესტიციო საბჭოს ოქმი N4; 18.09.2019).

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს და 2020 წლის პირველ ნახევარში ბაზრის კვლევის პერიოდში მსგავსი მომსახურების შემოთავაზება ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიების მიერ ვერ ხერხდებოდა. კანონმდებლობის შესაბამისად, მომსახურების საფასური სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება", - ნათქვამია სააგენტოს განმარტებაში.

რა ევალება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს?

საინვესტიციო საბჭოს წევრები პოლიტიკის დონეზე განსაზღვრავენ, სად უნდა ინვესტირდეს საპენსიო ფონდში მოსახლეობის მიერ შეგროვებული თანხები, რომელიც 21 დეკემბრისთვის მილიარდ 155 მილიონ ლარს შეადგენდა. საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების ინვესტიციის პროცესს სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი წარმართავს, მას კი ზედამხედველობას საინვესტიციო საბჭო უწევს. მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უკვე მიღებულია, ამჟამად დაგროვებით საპენსიო სისტემაში მობლიზებული თანხების დიდი ნაწილი კვლავ საბანკო დეპოზიტებზეა განთავსებული.

ვინ არიან საინვესტიციო საბჭოს წევრები?

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები პარლამენტმა 2019 წლის ივნისში დაამტკიცა. დღეისთვის საბჭო 4 წევრისგან შედგება, ესენი არიან: ოლივიე რუსო (საბჭოს თავმდჯომარე), ტიმო ვიჰერკენტა, ჟან-ფრედერიკ პოლსენი და მაიკლ რიდლი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულები ფონდში ყოველთვიურად რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას ემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2%. 40 წლამდე პირებისთვის სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი. დღეისთვის, სქემაში მილიონ 102 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული.