15.მაისი .2021 10:40

საბერძნეთში ლოქდაუნი სრულდება, ქვეყანა ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

საბერძნეთში ლოქდაუნი სრულდება, ქვეყანა ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის
views 989
უკან

საბერძნეთში ლოქდაუნი სრულდება. ქვეყანა ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დღეში კოვიდ-ინფიცირების 2000 შემთხვევაა ფიქსირდება, ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, ამიტომაც მთავრობამ არსებული შეზღუდვების უმრავლესობა გააუქმა და ტურისტული სეზონი გახსნა.

ცალკეული შეზღუდვები რჩება ძალაში, თუმცა, მოსახლეობას აღარ აქვს ვალდებულება საცხოვრებლის დატოვების დროს გაგზავნოს სპეციალური შეტყობინება, რომ ისინი სახლიდან გასვლას და მაგალითად საყიდლებზე წასვლას აპირებენ. ასევე ნებადართულია რეგიონებს შორის გადაადგილება. "კომენდანტის საათი" კი ღამის 00:30 საათიდან დილის 5:00 საათამდე შემცირდა.

„ჩვენ ტურიზმის ინდუსტრიას მთელი მსოფლიოსთვის ვხსნით“, - განაცხადა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა ჰარის თეოჰარისმა. ცნობისთვის, საბერძნეთის ეკონომიკა დიდწილად სწორედ ტურიზმის სექტორზეა დამოკიდებული. აღნიშნულ სექტორზე დასაქმების 20% მოდის .

რა უნდა გააკეთონ ტურისტებმა საბერძნეთში მოგზაურობისთვის? მათ გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური აპლიკაცია, სადაც მიუთითებენ, თუ სად აპირებენ დარჩენას და წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა, რომელშიც ეწერება, რომ კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა.