მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს - მას სატვირთოს მაცივრით 41 არალეგალი მიგრანტი გადაჰყავდა

5dc11c78d6159
მიხეილ ხაჩიძე
05.11.19 12:30
2010

საბერძნეთის პოლიციამ სატვირთო მანქანის მაცივარში 41 ადამიანი აღმოაჩინა. ტრანსპორტში გადამალული მიგრანტები ძირითადად ავღანეთიდან არიან; პოლიციის განცხადებით, მათი უმეტესობა ახალგაზრდაა და ისინი ამ გზით ევროპაში შეღწევას ცდილობდნენ. როგორც ირკვევა,  სატვირთო ავტომობილს 40 წლის ქართველი მამაკაცი მართავდა, რომელსაც მართვის მოწმობაც არ ჰქონდა. ამ დროისათვის, საქართველოს მოქალაქე დაკავებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი. georgians.gr-ის ცნობით, მას საბუთის არქონის გამო, ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდება.

 


რაც შეეხება თავად შემთხვევას, ბერძნულმა პოლიციამ ფურგონი ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ ქსანტის მახლობლად, სალონიკისკენ მიმავალ ავტობანზე საეჭვო მანევრირებისას გააჩერა. შემოწმებისას კი, სატვირთოს საბარგულში ჩაშენებულ მაცივარში 41 ადამიანი აღმოაჩინეს. 8 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და რესპირატორული პრობლემებით მათი სასწრაფო ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.  საინფორმაციო სააგენტო Xanthinews.gr  იუწყება, რომ  ქართველი მძღოლის  თურქმა თანამზრახველმა  ადგილიდან მიმალვა მოახერხა.



ქალაქი ქსანტი საბერძნეთის ჩრდილოეთით, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს და  კონტრაბანდის და ტრეფიკინგისთვის ხელსაყრელი ადგილია. ამ გზით მიგრანტები ევროპაში ძირითადად თურქეთიდან გადმოჰყავთ. ლტოლვილებს სარისკო მარშრუტის გავლისთვის დიდი ოდენობით თანხების გადახდა უწევთ.



 

სატვირთო მანქანებით მიგრანტების საზღვარზე გადაყვანა ხშირი, მაგრამ საშიში მეთოდია. ტრანსპორტში დამალულ ადამიანებს გაყინვა ან უჰაერობით გაგუდვა ემუქრებათ. დაახლოებით, ერთი კვირის წინ, საფრანგეთის პოლიციამ კალეს სპორტში სატვირთო მანქანის  ჩხრეკის დროს, ფურგონის მაცივარში რვა ადამიანი იპოვა.



იქამდე ცოტა ხნით ადრე კი, ლონდონის აღმოსავლეთით მდებარე ინდუსტრიულ ზონაში სატვირთო მაცივრის კონტეინერში 39 ადამიანის გვამი აღმოაჩინეს. პოლიციის ცნობით, დაღუპულები ვიეტნამის მოქალაქეები იყვნენ.