მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბიუჯეტო ოფისი პირველ კვარტალში ეკონომიკის 4.6%-იან შემცირებას პროგნოზირებს - მიზეზები

603613bfdc424
ინგა მურუსიძე
24.02.21 12:50
755
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2021 წლის I კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი უარყოფითი იქნება და –4.6% დაფიქსირდება. მათივე შეფასებით, მშპ-ის მოსალოდნელი კლება კვლავ განპირობებულია COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების შოკებისაგან.

როგორც საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების ცალკეულ შემთხვევებში შერბილების ან ზოგ შემთხვევაში შენარჩუნების პარალელურად, კვლავ მნიშვნელოვანია საგარეო მოთხოვნის შოკი და გლობალური პანდემიის ფონზე კვლავ მნიშვნელოვნად დარღვეულია გლობალური ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც განაპირობებს მიწოდების შოკს.

აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებებს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით:

 ტურიზმის მოცულობა დაახლოებით 85%-ით შემცირდება, ამავე დროს მკვეთრად შემცირდება ქვეყნიდან გასული ტურისტების რიცხოვნობაც.

 ტურიზმის ექსპორტის მნიშვნელოვან კლებას ნაწილობრივ დააკომპენსირებს შიდა ტურიზმის აქტივობა.

 გაიზრდება კერძო მოხმარების მოცულობა, განსაკუთრებით სასურსათო პროდუქტებზე.

 შემცირდება კერძო ინვესტიციები, რომლებიც მთავრობის საინვესტიციო აქტივობების მიუხედავად მნიშვნელოვნად განაპირობებენ მთლიანი ინვესტიციების შემცირებას და ეკონომიკური აქტივობის აღნიშნულ უარყოფით ტემპს. მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრი კლების პარალელურად, მოსალოდნელია საქონლით ვაჭრობის კლებაც, მიუხედავად მოხმარების უმნიშვნელო ზრდისა.

 გაზრდილი მოხმარების და შემცირებული კერძო ინვესტიციების პარალელურად მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება საქონლის იმპორტის რაოდენობაც.

 მსოფლიოში მიმდინარე ანალოგიური მოვლენებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ შემცირდება ექსპორტზე მოთხოვნა და შესაბამისად შემცირდება საქონლის ექსპორტის მოცულობაც. აღნიშნული დაშვებების რაოდენობრივი შეფასების შედეგად მოსალოდნელია, რომ ექსპორტის მოცულობა უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე იმპორტი და წმინდა ექსპორტის კომპონენტი –5.2%-ული პუნქტით განსაზღვრავს ეკონომიკური აქტივობის ცვლილებას, ხოლო აბსორბციის (მოხმარების და ინვესტიციების ჯამი) კომპონენტი უმნიშვნელოდ გაიზრდება (მოხმარების ზრდის გამო) და მშპ-ს ცვლილებას 0.6 %-ული პუნქტით განაპირობებს.