20.მარტი .2020 22:39

საცალო ქსელების ფუნქციონირება დაშვებულია დისტანციურ რეჟიმში - ცქიტიშვილი

views 234
უკან

„ჩვენ შევზღუდეთ საცალო ვაჭრობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. ასევე, რა თქმა უნდა, მუშაობას გააგრძელებენ ბანკები და მიკროსაფინანსო ინსტიტუციები, საფოსტო ოფისები, აგრეთვე ის სტრუქტურები და ორგანიზაციები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის გამართული ფუნქციონირებისთვის,“- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატურ ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, შეზღუდვის მიუხედავად, საცალო ქსელების ობიექტების ფუნქციონირება დაშვებულია დისტანციურ რეჟიმში, მიტანის სერვისის უზრუნველყოფით.

„ჩვენ, ამ ეტაპზე, ვაზუსტებთ სიას და ეს სია გამოქვეყნდება. ვიცი, რომ ძალიან ბევრი კითხვაა ამ რეჟიმებთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია აღნიშვნა იმისა, რომ ჩვენ გავაჩერეთ ის საცალო ობიექტები, ის არაპრიორიტეტული, ანუ ყველაზე მაღალი რისკის შემცველი სექტორები, როგორიცაა, მაგალითად, დიდი სავაჭრო მოლები, ის სავაჭრო ობიექტები, სადაც ძალიან აქტიური იყო მოსახლეობის მიმოსვლა, სავაჭრო ოპერაციები და აქედან გამომდინარე, იყო ვირუსის გავრცელების მაღალი საფრთხე. აგრეთვე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევამციროთ, ზოგადად, ადამიანების ქუჩაში გასვლა, მოძრაობა, სწორედ, აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ამ საცალო ქსელების ობიექტების ფუნქციონირება დაშვებულია დისტანციურ რეჟიმში, კერძოდ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ იზღუდება ამა თუ იმ მაღაზიის მუშაობა, ამასთან ერთად დაშვებულია მიტანის სერვისი და პირიქით, ყველანაირად ვეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ ისეთ ბიზნესსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მიტანის სერვისზე არიან ორიენტირებულნი,“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებელია იმ სასურსათო მაღაზიებისა და მათი მიწოდების ჯაჭვის უზრუნველმყოფი ორგანიზაციების საქმიანობა, იმისთვის, რომ სასურსათო პროდუქტები მუდმივად იყოს ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც სააფთიაქო ქსელები.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის, რომ აუცილებელია იმ სასურსათო მაღაზიებისა და მათი მიწოდების ჯაჭვის უზრუნველმყოფი ორგანიზაციების საქმიანობა, იმისთვის, რომ სასურსათო მაღაზიები მუდმივად იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის. იცით, რომ ესეც ძალიან პრიორიტეტული სექტორია და, ამ მიმართულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, მთელ მის გუნდთან ერთად, აგრეთვე, ჩვენს გუნდთან ერთად მუშაობს იმისათვის, რომ მარაგების მუდმივი მიწოდება იყოს, იყოს მუდმივი კონტროლი ფასებზე. ამ მიმართულებითაც მოგახსენეთ, რომ ჯერ კიდევ გუშინ იყო მიღებული გადაწყვეტილებები 9 ძირითად პროდუქტზე ფასის ფიქსირების თაობაზე ბიზნესთან კომუნიკაციით და ჩვენი ხელშეწყობით. ამდენად სასურსათო მაღაზიისა და ამ სფეროს ფუნქციონირება, რა თქმა უნდა, ვერ და არ იქნება შეზღუდული. ასევე, მნიშვნელოვანია ამ პროცესში სააფთიაქო ქსელები და ამ მიმართულებით მთელი ის ჯაჭვი, რომელიც უზრუნველყოფს მათ ფუნქციონირებას,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა