მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროა დეტალურად მოვიძიოთ, თუ რა პროფესიების დეფიციტი არსებობს ქვეყანაში - ნინო წილოსანი

62700862cefae
BM.GE
02.05.22 20:45
1743
აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიში მოისმინეს. ანგარიში პასუხისმგებელი ინსტიტუტების მიერ „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან (2021 წლის 1 სექტემბერი) განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ ხელმისაწვდომობას.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის განცხადებით, დასაქმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და, შესაბამისად, სახელმწიფოს ყურადღება დასაქმების პოლიტიკაზეა მიმართული.

„გვინდა თვითკრიტიკულებიც ვიყოთ. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ერთად უნდა დავსახოთ კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ქვეყანაში ვითარებას დასაქმების კუთხით. აღსანიშნავია, რომ პროგრამების მეშვეობით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სამუშაო ადგილების დიდ ნაწილს ვქმნით, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი. მიმაჩნია, რომ პარლამენტმა განსაკუთრებული აქცენტები უნდა გააკეთოს, თუნდაც თემატური მოკვლევის სახით, რათა უფრო დეტალურად მოვიძიოთ, თუ რა პროფესიების დეფიციტი არსებობს ქვეყანაში, რა კეთდება ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ასევე გავცეთ კონკრეტული რეკომენდაციები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა და აღნიშნა, რომ კომიტეტი ამ თემაზე მუშაობას გააგრძელებს.

„არის რამდენიმე მიმართულება, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დასაქმების პოლიტიკაზე მუშაობს. მათგან უმთავრესი როლი სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართულებით დაგეგმილ პროექტებს ეკისრება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმების პოლიტიკის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება ჩაიბარა და სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა დაიწყო, პირველადი წარმოება სოფლის მეურნეობაში გვქონდა 2 მილიარდ 400 მილიონ ლარის ოდენობით, ხოლო დღეისათვის ჩვენი პირველადი წარმოება თითქმის 7 მილიარდს უახლოვდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყოველწლიურად ვზრდით საექსპორტო პროდუქციის მოცულობას და 2021 წელს, პანდემიის მიუხედავად, მკვეთრად გავზარდეთ ექსპორტზე გატანილი პროდუქციის რაოდენობა - ეს არის ერთი მილიარდ 142 მილიონი დოლარის, რომელიც პროგრამების განხორციელების შედეგად თითქმის გაორმაგებულია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და კომიტეტების წევრებს ინფორმაცია მიაწოდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რის შედეგადაც, მისივე განმარტებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა, კერძოდ, 60 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

გიორგი ხანიშვილმა აღინიშნა, რომ ერთ-ერთ პრიორიტეტს აგრარული და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ასევე აღინიშნა, რომ სხვადასხვა სფეროში, პროფესიონალი კადრების დეფიციტი აღინიშნება და აუცილებელია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.