მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საჭიროა, მოუსმინო ხალხს“ – აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე

6433f51004599
ელენე კვანჭილაშვილი
10.04.23 21:33
466
„მთავარი, რაც გამოჩნდა ის იყო, რომ ქართველი ხალხის ხმა გაისმა და ის მოისმინეს. 100 ათასზე მეტი ადამიანი აპროტესტებდა კრემლის სულისკვეთებით განმსჭვალულ ამ კანონს, რომელიც არ ასახავდა საქართველოს ღირებულებებს, საქართველოს მოქალაქეების სურვილებს“ – ასე უპასუხა აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, საგარეო ვაჭრობის გენერალურმა დირექტორმა არუნ ვენკატარამანმა „ანალიტიკა“ ავტორისა და წამყვანის – ელენე კვანჭილაშვილის კითხვას თუ რა გზავნილი იყო საქართველოს მოქალაქეების მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ეფექტიანად გაპროტესტება როგორც საქართველოს ასპირაციებთან მიმართებით, ისე საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებისთვის – ჰქონდა თუ არა პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონის უკან წაღებას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საინვესტიციო, ეკონომიკური მნიშვნელობაც.

არუნ ვენკატარამანის თქმით, მთავარი იყო ის, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარი ნება გამოავლინა, ხოლო მთავრობამ მოუსმინა.

„ეს არის სწორედ დემოკრატიის არსი – აღნიშნა აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდვივნის მოადგილემ „ანალიტიკა“–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში – საჭიროა, მოუსმინო ხალხს და უარი თქვა ისეთ ზომებზე, რომლებიც არ გამოხატავს ამ ხალხის ნებას, არამედ გამოხატავს გარე ძალის სურვილებს. ეს იყო შთამბეჭდავი წარმატება“.

არუნ ვენკატარამანის თქმით, აშშ მზადაა იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, რომ „გადაილახოს ეს გამოცდილება“.

რაც შეეხება კონკრეტულად ბიზნესსაზოგადოებისთვის განკუთვნილ გზავნილს, არუნ ვეკატარამანი ამბობს, რომ ბიზნესსაზოგადოებისთვის მათ შორის, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ „საქართველოს მოქალაქეები ზუსტად ისეთები არიან, როგორი მოლოდინიც შეიძლება გქონდეს თავისუფალი ხალხისგან, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს გარე ძალის გავლენებს“.

ვიზიტის ფარგლებში ვენკატარამანი შეხვდა ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს, საქართველოს შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, გაესაუბრა SABIT-ის კურსდამთავრებულებს, დაესწრო SelectUSA ბიზნეს იდეების კონკურსს და შეხვდა ამერიკის სავაჭრო პალატას.