მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საჭიროა, საქართველოდან თურქეთში ექსპორტი გაიზარდოს” – თურქეთის ელჩი

60c4c5707c4a9
თამთა ჯიჯავაძე
12.06.21 18:24
1186
სავაჭრო ბრუნვის 3 მილიარდ დოლარამდე გაზრდა, ახალი შეთანხმებები, რეგიონული თანამშრომლობა - ეს ისაა, რაც გასულ კვირას ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის დელეგაციამ თურქეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ საქართველოში ჩამოიტანა. ვიზიტი Forbes-სთან და BMG-სთან თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა შეაჯამა.

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ერთობლივი რეგიონული პროექტები, რომლებიც თურქეთის პრეზიდენტმა დააანონსა, ელჩი პასუხობს, რომ საუბარი რამდენიმე მიმართულებაზეა.

“ვფიქრობ, უნდა ველოდოთ კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის განვითარებას. ასევე, შესაძლოა ველოდოთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით კავშირების გაძლიერებას. ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველოსა და თურქეთს აქვთ ერთმანეთის შემავსებელი ეკონომიკური სისტემები. უნდა ველოდოთ მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარებას, მესამე ბაზრებზე ექსპორტის მიმართულებით, ამ საკითხებს სჭირდებათ ყურადღება და წახალისება.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ვაჭრობის მოცულობას 3 მილიარდ დოლარამდე გაზრდიან. თუმცა, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ამას ვერ მივაღწევთ მხოლოდ თურქეთიდან საქართველოში ექსპორტის მაჩვენებლის ზრდით, საჭიროა საქართველოდან ექსპორტის ზრდაც. ამისთვის კი აუცილებელია იმ კლასტერებზე ფოკუსირება, რომლებიც ვითარდება”,– აცხადებს ელჩი.

მისივე თქმით, ამ ჭრილში საუბარი მაგალითად ავეჯის ინდუსტრიაში თანამშრომლობაზე.

“ვსაუბრობთ ასევე ფარმაცევტულ სფეროში თანამშრომლობაზე, სამედიცინო სფეროზეც. ჩვენ ბევრი ქართველი პაციენტი გვყავს, რომლებიც სამკურნალოდ თურქეთში ჩადიან, თურქულ მხარეს აინტერესებს, თუ რა შეიძლება ერთად გავაკეთოთ აქ, საქართველოში დიაგნოსტირების კუთხით. ასე რომ, ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, 30-წლიანი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა, ჯერ კიდევ არის სივრცე, სადაც შეგვიძლია კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ და ბიზნესი ამას ელოდება. მაღალი დონის ვიზიტები კი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დავარწმუნოთ ყველა ინვესტორი, მოვაჭრე, რომ ბიზნესში შეიძლება იყოს პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები შეიძლება მოგვარდეს კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ეს არის სიგნალი, რასაც ისინი ელოდებოდნენ”,– აცხადებს ელჩი.