მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროა, წინასწარ ვიცოდეთ, როდიდან იხსნება ზამთრის კურორტები - მაია მურაჩაშვილი

617d533709090
მარიამ ვარადაშვილი
30.10.21 17:10
1263
გუდაურსა და მესტიაში რამდენიმე სასტუმროს მენეჯერ მაია მურაჩაშვილის აზრით, ზამთრის კურორტებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დამძიმებული ეპიდსიტუაციაა, თუმცა როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში თქვა, მოლოდინი აქვს, რომ წლევანდელ სეზონზე გუდაურში სასტუმროების დატვირთულობა 2019 წლის მაჩვენებლის 40% იქნება.

„2019 წელს მესტიაში სასტუმროს არ ვმართავდი, შესაბამისად, პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, ამიტომ გუდაურის მაგალითზე ვისაუბრებ. თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ 2019 წელს გუდაურში სასტუმროების დატვირთულობა, ჯამურად, თითქმის 100%-ს იყო მიახლოებული, ვგულისხმობ, იანვარ-თებერვლის პერიოდს. შარშან დატვირთულობა, ფაქტობრივად, ნული იყო. წელს კი, 2019 წელთან შედარებით, დაახლოებით, 40%-იან აღდგენას ველით, თუმცა ძალიან ბევრ გარე ფაქტორზე ვართ დამოკიდებულები“, - აცხადებს სასტუმროების მმართველი.

ზამთრის ტურისტულ სეზონზე საუბრისას მაია მურაჩაშვილმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ კერძო სექტორისთვის უკვე ცნობილია განახლებული რეგულაციები, რომლითაც კურორტებზე საბაგიროები იმუშავებენ.

„იმედი მოგვეცა, რომ ზამთრის სეზონი არ ჩაგვეკეტება და ეს ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებში გავავრცელეთ. ამ ეტაპზე, გუდაურის სასტუმროში ჯავშნები იმდენად ცოტაა, რომ გაუქმება არ ხდება. დაახლოებით, 3 კვირის წინ კი, როცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა, ჯავშნების გაუქმება მაშინვე დაიწყო; ახლა უბრალოდ რაც არ არის, ვერ გაუქმდება, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა, გუდაურში ჯავშნები ხელახლა შემოდის. რაც შეეხება მესტიას, იქ ჯერჯერობით არაფერი ხდება. თავიდან რა ჯავშნები გვქონდა, ისინი გაუქმდა, თუმცა რაც ახლა იჯავშნება, მათი გაუქმება ჯერ არ დაწყებულა“, - თქვა მაია მურაჩაშვილმა და დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, მთავრობა ჰაწვალის საბაგიროს გახსნას 24 დეკემბერს გეგმავს.

"ძალიან საჭიროა, წინასწარ ვიცოდეთ, როდიდან იხსნება ზამთრის კურორტები. კონკრეტული თარიღი თუ გვეცოდინება ეს, რა თქმა უნდა, გაგვიადვილებს პარტნიორებთან და პოტენციურ დამსვენებლებთან კომუნიკაციას. პირადად ჩვენც და ტურისტული კომპანიებიც აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს აპირებენ იმ ქვეყნებში, ვისთანაც გვაქვს პირდაპირი ავიამიმოსვლა და საიდანაც ჩვენთან ტურისტები ჩამოდიან.

ალბათ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვისაც ეს იქნება ინდიკატორი, რომ ამ მიმართულებით გააქტიუროს ზამთრის კურორტების რეკლამირება. მათ შორის ისეთ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებიც გამოირჩევიან ზამთრის სეზონზე საქართველოში მოგზაურობით. მაგალითად, პოლონეთი, უკრაინა, რუსეთი, ბალტიის ქვეყნები და სხვა“, - ამბობს მაია მურაჩაშვილი.

სასტუმროების მენეჯერმა თავისი პოზიცია გაგვიზიარა ე.წ. „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საჯარო სივრცეებში მოქალაქეს ან აცრის საბუთს მოსთხოვენ ან PCR/ანტიგენის ურყოფით პასუხს ან კიდევ ბოლო 3 თვის განმავლობაში ვირუსის გადატანის დოკუმენტს.

მაია მურაჩაშვილის თქმით, ამ თემას ბიზნესი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.

„ვაქცინაციის მიზნით არაპირდაპირ იძულებას, მე პირადად არ ვემხრობი, რადგან ეს ძალიან საფრთხილო თემაა, მით უფრო ჩვენნაირ ქვეყანაში, როცა ასეთი საკითხების მიმართ მგრძნობიარენი ვართ. თუ უკვე არსებულ რეგულაციებზე მონიტორინგი განხორციელდება და მათ ზედმიწევნით დავიცავთ, საერთაშორისო ვიზიტორები შემოვლენ აცრილები ან ვირუსის გადატანის შესახებ ცნობით და არაფერი მოხდება. ეს სენსიტიური თემაა და არაა საჭირო, დამატებით ხალხის გაღიზიანება, რაც ბევრი ბიზნესისთვის წამგებიანი იქნება“, - აღნიშნა მან.