მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცხობები პროდუქციაზე ფასის 30-35%-იან მატებას პროგნოზირებენ - მიზეზი გაზის ტარიფის ზრდაა

5fd8f2c6c839a
ანუკა ჯოხაძე
15.12.20 22:35
939
2021 წლის 3 იანვრიდან გაზის გაძვირების შემდეგ, საცხობები პროდუქციაზე ფასის დაახლოებით 30-35%-იან ზრდას პროგნოზირებენ. მათი განცხადებით, კომუნალური გადასახადები ისედაც დიდი ტვირთია ბიზნესისთვის. კომერციული სექტორი უკვე წლებია, როგორც წყლის ისე ელექტროენერგიის მაღალ ტარიფს იხდის. ამას კი იანვრიდან გაძვირებული ბუნებრივი აირიც ემატება. კომპანიის “ღუმელიდან” დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ წნეხს ბევრი ბიზნესი ვეღარ გაუძლებს.

“პროდუქცია გაძვირდება მინიმუმ 30-35%-ით, ეს ის ფასნამატია, რაც დავითვალეთ. ეს აისახება მომხმარებლის ჯიბეზეც, მაგრამ იქამდე სანამ მივა და რაიმე მნიშვნელოვან ასახვას ჰპოვებს, ბუნებრივია ბიზნესზე და ბიზნესის ხარჯებზე აისახება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესებში არის ის, რომ ბიზნესი გახდა ვალდებული მოემსახუროს გაზრდილ გადასახადებს, ისევე როგორც წყლის გადასახადის შემთხვევაშია, რომელიც 15-ჯერ მეტია, ვიდრე საყოფაცხოვრებო დარიცხული გადასახადი", - ამბობს ლანა ლაგვილავა საცხობის “ღუმელიდან” დამფუძნებელი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში მოქმედმა შვიდმა ბიზნეს ასოციაციამ გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ბიზნესასოციაციები „თბილისი ენერჯის“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც გაზის კომერციული ტარიფი 0.24 ლარით იზრდება.

ბიზნესასოციაციების შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილება გაუგებარია განსაკუთრებით ახლა, მძიმე პანდემიურ პერიოდში და ეკონომიკური კრიზისის დროს. წერილში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებით „თბილისი ენერჯი“ „ბიზნესზე ახორციელებს სრულიად გაუმართლებელ დამატებით წნეხს და უზრდის ისადაც მაღალ კომუნალურ გადასახადს“.

ბიზნესასოციაციები „თბილისი ენერჯის“ მენეჯმენტთან შეხვედრას და ამ საკითხის განხილვას ითხოვენ, ასევე ბიზნესი მოუწოდებს მთავრობას, ჩაერთოს პროცესის რეგულირებაში.