მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საცხოვრებელ უძრავი ქონების ბაზარზე გაუმჯობესებაა... რთული სიტუაციაა კომერციული მიმართულებით“

5f7c8ff34c57b
ელენე გოგბერაშვილი
06.10.20 19:49
975

მიუხედავად პანდემიის ნეგატიური გავლენისა, უძრავი ქონების სფეროს სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე, კონკრეტულად კი, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაჯანსაღების პროცესი დაწყებულია. როგორც გაყიდვების საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტის“ დამფუძნებელი ამბობს, პოზიტიურ ტენდენციებთან ერთად, შეიცვალა ინვესტორთა განწყობებიც და უმეტესობა მზადაა, დეველოპერულ სექტორში სოლიდური ინვესტიცია ჩადონ.

„დღეის მდგომარეობით, გაყიდვები არის პოზიტიური, მიუხედავად პანდემიისა. ის უბრუნდება ძველ ნიშნულს და ამას ძალიან შეუწყო ხელი სუბსიდირების პროექტმა. გაუმჯობესება ყველაზე მეტად არის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართულებით და, ძირითადად, მოდის თბილისის ბაზარზე, სადაც ისედაც ჭარბად იყო საცხოვრებელი უძრავი ქონება. მიმდინარე წლის სექტემბრის გაყიდვების მაჩვენებელი 2019 წლის მონაცემებს მიუახლოვდა. 

ყველაზე რთული სიტუაცია არის კომერციული მიმართულებით. კომერციულ უძრავ ქონებას აქვს ყველაზე დიდი ვარდნა, ჯერჯერობით, თუმცა ესეც ეტაპობრივად გაუმჯობესდება. მთავარი ინდიკატორი არის ერთი, რომ როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა, ინვესტორებში პოზიტიური მოლოდინებია.

ვმუშაობთ უცხოელ პარტიორებთან, რომ მოვახდინოთ უცხოური ინვესტირების დაბრუნება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. უკვე ვამჩნევთ, რომ, მაგალითად, თუ ივლისში გვქონდა კომუნიკაცია და უფრო სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, დღეს გაცილებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ და ბევრ პროექტში დაწყებული გვაქვს აქტიური მოლპარაკებები და გადავდივართ დახურვის ფაზაზე“, - აცხადებს გუგა კობახიძე.

ინფორმაციისთვის: "კოლიერს ინთერნეიშენალ ჯორჯიას" 2020 წლის რვა თვის მონაცემებით, ჯამში განხორციელდა 15,410 ბინის ტრანზაქცია, რომელთა ჯამური ბაზრის ღირებულება 677 მილიონი აშშ დოლარია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 29%-ით, ხოლო ბაზრის ზომა 32%-ით ჩამორჩება. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევართან შედარებით 4%-5%-ით გაუმჯობესდა აღნიშნული მაჩვენებლები.

რაც შეეხება კომერციულ სექტორს, 2020 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით მნიშვნელოვნად გაზრდილია ვაკანტურობის კოეფიციენტი ძირითად ქუჩებზე. აღმაშენებლის გამზირზე ვაკანტურობა 10%-დან 19%-მდე გაიზარდა, რუსთაველზე ეს მაჩვენებელი 2019 წლის მიწურულს 4%-ს შეადგენდა, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში 12%-იან ნიშნულს მიუახლოვდა. პეკინზეც დიდი ზრდა დაფიქსირდა - 3%-დან 9%-მდე. ყველაზე ნაკლებად ვაკანტურობის ზრდა ჭავჭავაძის გამზირს შეეხო, რადგან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო  აღნიშნული მაჩვენებელი ისედაც მაღალ ნიშნულზე იყო.