18.იანვარი .2020 20:15

სად არის ყველაზე ძვირი ბინის ქირაობა მსოფლიოში?

views 1977
უკან

Deutsche Bank-ის ექსპერტებმა "Mapping the World's Prices"–ის 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნეს, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ორსაძინებლიანი ბინის გაქირავების ყოველდღიური ღირებულებაა დათვლილი და პასუხობს კითხვაზეც, თუ სად არის არენდა ყველაზე ძვირი. ჯამში 10 ქვეყანა გამოიკვეთა და რიგით მეათე ადგილს, ტოკიო იკავებს, სადაც ბინის ქირის ღირებულება, $1 903-ისა, რაც 9%-ით არის გაზრდილი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.

10 – იაპონია, ტოკიო

ტოკიო – იაპონიის დედაქალაქი და ადმინისტრაციულ-ფინანსური და პოლიტიკური ცენტრი, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნად ითვლება. ის არაერთი უმსხვილესი კომპანიის შტაბ-ბინებისა და ოფისების სამშობლოა, რაც თავისთავად ზრდის ქალაქისა და მასში ცხოვრების ღირებულებას. ამიტომაც აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ფასია ბინებზე, მათ შორის გაქირავებაზეც, თუმცა ამ რეიტინგში ის ყველაზე იაფია.

9 – ავსტრალია, სიდნეი

იაპონიაზე ძვირი ბინის ქირა ავსტრალიის ქალაქ სიდნეიშია, სადაც ორსაძინებლიან ფართს $1 969-ად იქირავებთ. სიძვირის მიუხედავად, ეს თანხა 2018 წელთან შედარებით 4%-ით არის გაიაფებული. უნდა აღინიშნოს, რომ საოპერო თეატრი, ჰარბორ-ბრიჯი, სანაპიროები და ეროვნული პარკები არის მთავარი მიზეზი, რატომაც უნდა ადამიანების უმრავლესობას ამ ტერიტორიაზე ცხოვრება და მოთხოვნის შესაბამისად, ფასებიც მატულობს ბინებზე და მათ დაქირავებაზე.

8 – ირლანდია, დუბლინი

სიდნეის მსგავსად არენდის ღირებულება გაიაფდა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინშიც, 1%-ით, თუმცა ღირებულება მაინც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, ის $2 018-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით მერვე პოზიციაზეა Deutsche Bank-ის რეიტინგში. ქალაქი-საგრაფო ირლანდიაში, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტერიტორიად გადაიქცა, სადაც არაერთი ქარხანა გაიხსნა, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებით არის დაკავებული. ასევე, დუბლინი ცენტრი გახდა ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც სპეციალიზირდებიან საინფორმაციო და ინტერნეტ-ტექნოლოგიების მიმართულებით, რაიონს კი, Silicon Docks-ი დაექვა.

7 – აშშ, ბოსტონი

რეიტინგში ბინის გაქირავების სიძვირის მიხედვით, მეშვიდე პოზიციაზეა ბოსტონი - $2 201-ით, რაც წინა წლის ანგარიშთან შედარებით 2%-ით გაიზარდა. აშშ–ის შტატ მასაჩუსეტსის უმსხვილესი და უმდიდრესი ქალაქი, რომლის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა, განათლება და ასზე მეტი უნივერსიტეტი და კოლეჯია, ასევე უამრავი შტაბ-ბინისა და ცენტრალური ოფისების სამშობლოა და ამიტომაც აქ ბინის ქირაობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია.

6 – დიდი ბრიტანეთი, ლონდონი

ლონდონში ორსაძინებლიანი ბინის ქირა $2 338-ია, თუმცა 2018 წელს 3%-ით უფრო ძვირი იყო. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ქალაქის ეკონომიკა მსოფლიოში რიგით მეხუთეა. აქ განთავსებულია ცენტრალური ოფისების 100-ზე მეტი ოფისი და 500 უმსხვილესი ევროპული კომპანია, ამიტომაც ლონდონში ცხოვრების ხარჯები უძვირესია.

5 – საფრანგეთი, პარიზი

ყველაზე ძვირი არენდის ფასების მიხედვით ხუთეულში, პარიზი დასახელდა. საფრანგეთის მთავარი პოლიტიკურ-ეკონომიკური, კულტურული და ფინანსური ცენტრი იუნესკოსა და ასევე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის სახლია, რომ აღარაფერი ვთქვათ ფრანგულ ბანკებზე, ბრენდებსა და კომპანიებზე. აქ ბინის დაქირვების ფასი 2018 წელთან შედარებით 1%-ით იაფია და $2 455-ს შეადგენს.

4 – შვეიცარია, ციურიხი

ციურიხში საცხოვრებელ ფართზე ფასმა 9%-ით მოიმატა და $2 538 შეადგინა.

3 – აშშ, ნიუ იორკი

რაც შეეხება ლიდერ სამეულს, მესამე ადგილზე ისევ აშშ-ის ქალაქი ნიუ-იორკი დასახელდა, სადაც ქირაში ადამიანები $2 909-ს იხდიან. ეს მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით არის გაძვირებული.

2 – აშშ, სან-ფრანცისკო

რიგით მეორე ქალაქი რეიტინგში - $3 631-ით სან-ფრანცისკოა.

1 – ჰონგ–კონგი

პირველი ადგილი ჰონგ–კონგს დაეთმო, თვეში $3 685-ით.