მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად და რა მოცულობით გაიყიდა საქართველოდან ამონიუმის ნიტრატი 2020 წელს?

5f2d056c35346
ვიქტორია მღებრიშვილი
10.08.20 09:00
3363
„ამონიუმის გვარჯილა - ეს არის აზოტოვანი სასუქი, რომელიც იწარმოება მთელ მსოფლიოში და წლებია უკვე საქართველოც აწარმოებს ამ პროდუქტს და ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი“, - ეს განმარტება რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბეირუთში აფეთქების შესახებ საქართველოდან ექსპორტირებული ამონიუმის ნიტრატზე საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, 7 წლის წინ ამ პროდუქტით საქართველოში დატვირთულ გემისა და მომხდარი აფეთქების დაკავშირების მცდელობა უსაფუძვლოა.

BM.GE დაინტერესდა, რომელ ქვეყნებში და რა მოცულობით გადის ამონიუმის ნიტრატი საქართველოდან ექსპორტზე და ვინ იყვნენ 2012-2020 წლებში ამ პროდუქტის ექსპორტიორები.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პირველ ნახევარში ტოპ-10 ექსპორტირებულ საქონელში აზოტოვანი სასუქები მეათე ადგილს იკავებდა. თუმცა მიმდინარე წელს ამ პროდუქტის ექსპორტი 17.9%-ით შეცირდა და 44.2 მლნ დოლარი შეადგინა. (2019 წლის იანვარ-ივნისი - 53.8 მლნ დოლარი).

ამასთან 2020 წელს საქართველოდან ამონიუმის ნიტრატი, იგივე ამონიუმის გვარჯილა ექსპორტზე 15 ქვეყანაში გავიდა. ეს ქვეყნებია:

1. უკრაინა - 9.1 მლნ დოლარი, 52 148 ტონა;
2. რუმინეთი - 7.4 მლნ დოლარი, 42 598 ტონა;
3. პერუ - 5.8 მლნ დოლარი, 34 001.3 ტონა;
4. სინგაპური - 4.3 მლნ დოლარი, 26 000 ტონა;
5. აზერბაიჯანი - 4.2 მლნ დოლარი, 26 113 ტონა;
6. სომხეთი - 3.4 მლნ დოლარი, 15 764,3;
7. მაროკო - 1.7 მლნ დოლარი, 9 924,1;
8. მოლდოვა - 1.6 მლნ დოლარი, 9 423,0;
9. კოლუმბია - 1.6 მლნ დოლარი, 10 041,2;
10. თურქეთი - 1.0 მლნ დოლარი, 7 300 ტონა;
11. იტალია - 1.0 მლნ დოლარი, 6 009,5 ტონა;
12. ესპანეთი - 981.3 ათასი დოლარი, 7 269,1 ტონა;
13. ბულგარეთი - 785.0 ათასი დოლარი, 4 400,0 ტონა;
14. საბერძნეთი - 564.8 ათასი დოლარი, 3 138.0 ტონა;
15. ერაყი - 26.3 ათასი დოლარი, 167.2 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტიორ კომპანიებს, აღნიშნული ინფორმაცია 2020 წლის იანვარ-ივნისის პერიოდზე BM.GE-ის მიერ გამოთხოვილ მონაცემებში არ იყო, ხოლო აღნიშვნაში განმარტებული იყო, რომ „კომპანიების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის“ 28-ე მუხლის თანახმად (ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია, თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას ან თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა) და გაცემას არ ექვემდებარება. BM.GE-ის საქსტატში განუმარტეს, რომ აღნიშნულ პერიოდებში ექსპორტს 3-ზე ნაკლები ბიზნეს სუბიექტი ეწეოდა, შესაბამისად ამ ინფორმაციის გაცემა ეწინააღმდეგება მონაცემების კონფიდენიციალობას.

ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გასული წლის განმავლობაში ამონიუმის ნიტრატის ექსპორტს ახორციელებდა 3 კომპანია: შპს "გეორგია"; სს რუსთავის აზოტი; შპს ელბა პლიუსი.

შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის საპორტო ტერმინალთან ხანძარი და მძლავრი აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გახდა 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი, რომელიც პორტის ტერიტორიაზე 2013 წლიდან ინახებოდა. პორტში ეს ტვირთები 2013 წლის სექტემბერში აღმოჩნდა, როდესაც მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემი, Rhosus-ი ბეირუთის პორტში ტექნიკური მიზეზების გამო შეჩერდა. გემი ბათუმიდან მოზამბიკის საპორტო ქალაქ ბეირას მიმართულებით მიდიოდა.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა რომ ექსპორტიორი ქვეყანა 7 წლის წინ ქვეყნიდან გასული გემით პროდუქტის უსაფრთოებაზე პასუხს ვერ აგებს.