მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად და როდის გაიხსნება "ლუკა პოლარეს" ახალი ობიექტები საქართველოში - კომპანიის გეგმები

5e68c8c539b28
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.20 22:55
1364
2020 წლის გეგმებში ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის განვითარებაა, - ამის შესახებ BM.GE-ის ჯელატოს სახეობის ნაყინის ქართული მწარმოებელი კომპანია „ლუკა პოლარეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ანი ციცქიშვილმა განუცხადა.

კომპანიის წარმომადგენელმა 2019 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ წლის პირველ ნახევარში რუსული ავიაემბარგოს გავლენა ნაწილობრივ მათზეც აისახა, თუმცა წელი ზრდით დაამთავრეს.

„2019 წლის პირველ ნახევარში ტურისტულ ზონებში განსაკუთრებული კლება გვქონდა გაყიდვებში, თუმცა კატასტროფული არ ყოფილა. საბოლოო ჯამში წელი 16%-იანი ზრდით დავასრულეთ“, - აღნიშნა ანი ციცქიშვილმა.

მისი ინფორმაციით, 2020 წელს კომპანიის გეგმებში როგორც საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, ასევე ადგილობრივ ბაზარზე განვითარებაა.

„ამ დროისთვის საქართველოში 17 ფილიალით ვართ წარმოდგენილი, 12 არის თბილისში, 4 ბათუმში და 1 ქობულეთში. 2020-2021 წლების განმავლობაში ვგეგმავთ „ლუკა პოლარეს“ გახსნას სხვადასხვა რეგიონებში სავარაუდოდ ქუთაისსა და რუსთავში, საიდანაც მოთხოვნა დიდია, თუმცა ზუსტად როდის, ამას ვერ ვიტყვით.

რაც შეეხება თბილისს, მიმდინარე წელს დედაქალაქში ერთი ობიექტი ახალ აღმაშენებლეზე უკვე გაიხსნა, მეორე ობიექტის გახსნა აპრილის ბოლოს იგეგმება, ხოლო მესამეს წლის განმავლობაში გავხსნით. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ნაყინის წარმოების მაჩვენებელი 170-200 ტონამდე გვექნება“, - უთხრა BM.GE-ის „ლუკა პოლარეს“ წარმომადგენელმა.

ანი ციცქიშვილი იმედოვნებს, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში კორონავირუსის ინფექციის გავრცელება არ დააზიანებს მათ ბიზნესს და ნაყინის აქტიური სეზონისთვის ეს საფრთხე გადაივლის.

„კორონავირუსის შედეგებს ნელ-ნელა უკვე ჩვენც ვხედავთ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მაშინ როდესაც ნაყინის სეზონი აქტიურდება, ეს ვირუსი იმ პერიოდისთვის ჩაცხრება და ტურისტებს დიდი სიამოვნებით მივიღებთ“, - აღნიშნა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის ხელმძღვანელმა.