მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად გადადის ინფექციური საავადმყოფო? - დარღვეული ვალდებულება და ახალი შენობის მოლოდინი

5e5e1e8d33778
შოთა ტყეშელაშვილი
03.03.20 13:35
2854
საქართველოში ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის პირველი ხაზი ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოზე გადის. თუმცა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე 7,000 კვადრატული მეტრის ფართის შენობა, რომელშიც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული, სინამდვილეში მას არ ეკუთვნის.

2009 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ინფექციური საავადმყოფოს შენობის პრივატიზება განახორციელა. კომპანია "ავერსი ფარმამ" შენობაში $12.5 მილიონი აშშ დოლარი გადახადა.

სახელმწიფომ აღნიშნულ პროცესში აიღო ვალდებულება, ორი წლის განმავლობაში შეექმნა ახალი ინფრასტრუქტურა ამ საავადმყოფოსთვის და ის სხვა სივრცეში გადაეყვანა, თუმცა ეს ვალდებულება ამ დღემდე არ შესრულებულა და "ავერსი ფარმას" ამ ქონებაზე საკუთრების უფლება ფაქტობრივად შეზღუდული აქვს, რადგანაც ის ამ მიწის განკარგვას ვერ ახერხებს.

კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო მათ ქონებით სარგებლობისთვის საიჯარო თანხას უხდიდა, თუმცა 2019 წლიდან მათ არც საიჯარო თანხა არ აუღიათ.

"ვალდებულება გვქონდა, რომ ორი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ უნდა ეფუნქციონერა შენობაში ინფექციური პათოლოგიის ცენტრს და ჩვენ ხელი არ უნდა შეგვეშალა მათ საქმიანობაში. გავიდა ორი წელი, მივმართეთ საჯარო რეესტრს, 2012 წლის 8 თებერვალს საჯარო რეესტრში შპს "ავერსი ფარმა" დაფიქსირდა ამ შენობის მესაკუთრედ. ამის შემდეგ, ჩვენ როგორც მესაკუთრემ მოვითხოვეთ ფართის დაცლა, თუმცა დღევანდელ დღემდე აღნიშნული ფართი არ არის დაცლილი, ფუნქციონირებს ინფექციური საავადმყოფო. წლების განმავლობაში ჩვენ არაერთგზის მივიღეთ დაპირება, რომ გამოცხადდებოდა ტენდერი, გამოყოფდნენ ფართს, გადაიყვანდნენ, გაურემონტებდნენ ფართს, თუმცა გავიდა 8 წელიწადი. ჩვენ წლების განმავლობაში ასეთი ვითარების გამო ვიღებდით იჯარას, რასაც იხდიდა სახელმწიფო და ფუნქციონირებდა ინფექციური, თუმცა 2019 წლის პირველი იანვრიდან, ანუ წელიწადი და ორი თვეა იჯარის ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა, მთელი 2019 წლის განმავლობაში არაერთხელ მიმართეთ, მოვითხოვეთ საიჯარო თანხის გადახდა და როგორც მესაკუთრე, ვითხოვდით გაგებას, თუ როდის დაგვიბრუნებდნენ ჩვენს კანონიერ ფართს. დღემდე არანაირი პასუხი ოფიციალურად მიღებული არ გვაქვს. იმის მიუხედავად, რომ იჯარა არის 5 ლარი კვადრატულ მეტრზე, დამერწმუნებით, რომ საბურთალოზე 5 ლარი ნამდვილად არ არის კოლოსალური თანხა, მიუხედავად ამისა, ეს თანხა ჩვენ წელიწადი და ორი თვეა არ მიგვიღია", - ამბობს "ავერსი ფარმას" გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე.

კომპანიის დირექტორის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კომპანიას აქვს სრული იურიდიული უფლება, არ შეუშვას ინფექციური საავადმყოფო მის შენობაში, თუმცა სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ამას არ აკეთებს. ამასთან, "ავერსში" ამბობენ, რომ მათ სამინისტროსთან ობიექტის შესახებ ბოლო წერილი 2020 წლის 17 იანვარს აქვთ გაგზავნილი, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროსგან ამ წერილზე პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

"ჩვენ არათუ ხელს არ ვუშლით, არამედ ხელიც კი შევუწყეთ ამ საავადმყოფოს ფუნქციონირებაში, რაც გამოიხატა იმაში, რომ ორი წლის წინ, როდესაც მოგვმართეს წერილობით და მოითხოვეს, რომ მიგვეცა მათთვის რემონტის გაკეთების უფლება, ეს უფლება მათ მივეცით", - ამბობს ის.

სახელმწიფო კი აცხადებს, რომ ინფექციური საავადმყოფოს ახალ ინფრასტრუქტურაში გადაყვანის შესახებ მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს, ხოლო ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ის გულწრფელად წუხს და საკუთარ "ბრალეულობასაც" გრძნობს იმაში, რომ სახელმწიფომ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა და დღემდე ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი შენობა არ აქვს.

"მართლაც, ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და ეს ჩემი ბრალიც არის დიდწილად, რომ იმ დროის განმავლობაში, ვიდრე მინისტრად ვმსახურობდი, ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება და მძიმე ტვირთად მაწევს. შეიძლება ყველაზე მძიმე ტვირთი განვლილი მინისტრობიდან სწორედ ეს იყოს. ჩვენ რამდენიმე მცდელობა გვქონდა ინფრასტრუქტურის მოსაგვარებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ამის გაკეთება. 2013-14 წლების განმავლობაში იყო მცდელობა, მოვლაპარაკებოდით იურიდიულ დონეზე მეპატრონეს იმ კონტრაქტით, რაც არის გაფორმებული. ვერ შევთანხმდით ამ დეტალებზე. ამის შემდეგ გვქონდა მცდელობა, იგივე ფართი მოგვეძებნა, რომელსაც სახელმწიფო იქირავებდა და გადავიტანდით დაწესებულებას. სამწუხაროდ, ესეც ვერ მოხერხდა, სპეციფიკურია მოთხოვნები ინფექციური საავადმყოფოსთვის. შემდეგ იყო მოთხოვნა, გამოეყო ნაკვეთი უნივერსიტეტის ქუჩაზე. დავიწყეთ პროექტირება, მაგრამ ესეც ვერ მივიყვანე, სამწუხაროდ ბოლომდე", – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სად გადადის ინფექციური საავადმყოფო?

ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა "მუნიციპალური განვითარების ფონდმა" 2019 წელს, ლუბლიანას ქუჩაზე, 21 ნომერში არსებულ – 12,780 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთზე ახალი შენობის პროექტირებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში კომპანია "აპექს სტუდიო 1"-მა გაიმარჯვა. მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამების მენეჯერმა საბა სირბილაძემ BMG-ის განუცხადა, რომ პროექტირება აქტიურ ფაზაშია და ისინი ამჟამად განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) შემუშავებას ელოდებიან. ახალ შენობაზე უწყება 25 მილიონ ლარამდე თანხის დახარჯვას გეგმავს.

"პროექტირება აქტიურ ფაზაშია, ველოდებით გრგ-ს მიღებას, რის შემდეგაც სამი–ოთხი თვის ვადაში რეალურად გვექნება ახალი პროექტი. ახალი პროექტის მიღების შემდგომ, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ გამოვაცხადოთ ტენდერი მშენებლობაზე, ხოლო მასზე კი ვვარაუდობთ, რომ დაგვჭირდება წელიწადნახევრიდან ორ წლამდე პერიოდი", - ამბობს საბა სირბილაძე.

თუმცა, მაღალია ალბათობა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახალი შენობის პროექტირებაში გადახდილი თანხა არასაჭირო ინვესტიცია აღმოჩნდეს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე BMG-სთან საუბარში ამბობს, მათ პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დაპირება, რომ სახელმწიფო საავადმყოფოს უკვე დასრულებულ შენობაში გადაიყვანს.

"ამჟამად გვეუბნებიან, რომ დიღომში არის ძალიან კარგად ნაგები შენობა - სამედიცინო ინოვაციების ცენტრი, რომელიც სანახევროდ დამთავრებულია და მისი მეპატრონე ყიდის ამ შენობას და ჩვენ შეგვპირდა პრემიერ-მინისტრი, რისთვისაც მადლობელი ვართ მისი, რომ ინფექციური საავადმყოფოს მნიშვნელობის გათვალისწინებით, მთავრობა წავა ამ სერიოზულ დანახრაჯზე, რადგანაც ძვირი ღირს საკმაოდ ეს შენობა, შეიძენს სახელმწიფო და გადმოსცემს ინფექციურ საავადმყოფოს. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს იქნება უახლოეს ხანებში", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

თავად ინფექციური საავადმყოფოს არსებული ტერიტორია დღეს იპოთეკით არის დატვირთული. მისმა მესაკუთრემ, "ავერსი ფარმამ" ტერიტორია 2016 წელს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან (IFC) 15 მილიონი ევროს სესხის მისაღებად ჩადო უზრუნველყოფაში.

სად გადადის ინფექციური საავადმყოფო - ვიდეო: