მაინტერესებს სად გადის ზღვარი იმისთვის, რომ საგადასახადო ტვირთი შეამციროთ?, - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე მისულ კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას, რომელსაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.
„რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ივანიშვილის მთავრობამ განიხილოთ გადასახადების რეალური, არსებითი დაწევა? რამდენად უნდა დამძიმდეს ვითარება? თქვენივე მონაცემებით 2016-დან 2019 წლამდე 45 ათასით შემცირდა დასაქმებულთა რიცხვი, ხოლო 2020 წლის მოერე კვარტლის მონაცემებით, 30 ათასით შემცირდა დასაქმებულთა მაჩვენებლები. ეკონომიკის შემცირებამ შეადგინა -12%. მაინტერესებს სად არის ზღვარი? რა ზღვრის შემდეგ განიხილავთ ტვირთის შემცირებას მოქალაქეებისთვის?“, - მიმართა გიგა ბოკერიამ ნათია თურნავას.
გარდა ამისა, ბოკერიამ გაიხსენა პრემიერის ვიზიტი პარლამენტში და სიცრუეში დაადანაშაულა.
„ჩვენთვის გამოგზავნილ პასუხში გიწერიათ 300 მლნ დავტოვეთ ეკონომიკაშიო, 6 მლრდ არის დაკარგული და 300 მლნ დაუტოვეთ ხალხს. ეს ბალანსი პასუხობს ჩვენ გაჭირვებულ ხალხს? უტიფარი ტყუილი უნდა შეგახსენოთ - თქვენ ამბობთ, რომ საგადასახადო ტვირთით საქართველო მესამე ადგილზეა. რაზე გაქვთ გათვლა? რომ ამ ტყუილს არავინ შეამოწმებს? აქ იყო პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის ერთ-ერთი ასისტენტი, რომელსაც მაშინვე ვუთხარით ამ ფაქტზე, რომ იტყუებოდა. სინამდვილეში საქართველო 119-ე ადგილზეა. რა აზრი აქვს ამ სიცრუეს? რით უმსუბუქებს ჩვენს მოქალაქეებს მდგომარეობას?“ - მიმართა თურნავას დეპუტატმა.