მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად გავა ექსპორტზე ტყიბულში წარმოებული ჩაი?

5f217034d7f98
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.20 20:00
1158
კომპანია „ოკრიბა“, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტში 55 ჰა-ზე გაშენებულ ჩაის პლანტაციებსა და გადამამუშავებელ საწარმოს ფლობს, მათი წარმოებული მაღალი ხარისხის ჩაის ექსპორტზე გატანას აშშ-სა და ჩინეთში გეგმავს - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის წარმომადგენელმა ზურაბ ქარქაშაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ჩაის წარმოება კომპანიამ წელს დაიწყო და გეგმაში 20 ტონა პროდუქციის წარმოება აქვს, რომლის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გავა.

„ჩვენი წარმოების ჩაი ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე რეალიზდება. მოლაპარაკებები გვაქვს აშშ-სა და ჩინეთში პარტნიორ კომპანიებთან, სადაც მაღალი ხარისხის ჩაიზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. პირველი პარტიის ექსპორტზე გატანა ოქტომბერში იგეგმება“, - განაცხადა ზურაბ ქარქაშაძემ.

კითხვაზე, რატომ აკეთებენ აქცენტს ექსპორტზე, კომპანიის წარმომადგენელი პასუხობს: „ჩვენ მაღალი ხარისხის ჩაის ვაწარმოებთ, შესაბამისად მაღალ სეგმენტზე ვართ გათვლილი. ამიტომ ჯერჯერობით ორიენტირი საექსპორტო ბაზრებზე იქნება მიმართული, თუმცა ეს არ გამორიცხავს ქართულ ბაზარზე შესვალასაც“.

მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 2-3 წელიწადში კომპანია „ოკრიბა“ პლანტაციების გაფართოებასა და წარმოების გაზრდას გეგმავს.