მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ინახება მომდევნო 3 წელი მოსახლეობის საპენსიო დანაზოგები? – გზავნილი ბენეფიციარებს

5f79d4c8777bd
ინგა მურუსიძე
04.10.20 19:00
2850
თითქმის 2-წლიანი ლოდინის შემდეგ საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, სად უნდა ინვესტირდეს დაგროვებითი პენსიის რეფორმის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობის მიერ  აკუმულირებული თანხები.

დოკუმენტის საინვესტიციო გზავნილებზე, საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ გადაცემა FORBES კვირის ეთერში ისაუბრა:

„რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გვაქვს:

პირველი - საპენსიო სქემის მონაწილეებს ვეუბნებით, რომ თქვენი დანაზოგები ინვესტირდება დაბალი რისკის პორტფელის მიხედვით.

მეორე - თქვენ, როგორც მინიმუმ, უნდა შეგინარჩუნდეთ მსყიდველთუნარიანობა, ანუ ინფლაცია უნდა იყოს დაძლეული, ეს არის ჩვენი საინვესტიციო მიზანი.

მესამე - არის კონკრეტული სტრატეგია - 60% - სადეპოზიტო სერთიფიკატებში, 25% - სახაზინოებში, 15% - გლობალურ აქციებში“.

რატომ ეს სამი ალოკაცია?

„საკმაოდ დაბალი რისკი აქვს სახაზინოებს, რომ შევხედოთ ქვეყანაში კაპიტალის ბაზარს და საინვესტიციო ბაზარს - სახაზინოს ყველაზე დაბალი რისკი აქვს - ანუ მას არანაირი დეფოლტ-რისკი არ აქვს და იმ დროს, როცა მათზე ამონაგები მინიმუმ დღეს თითქმის უტოლდება სადეპოზიტო ამონაგებს. საკმაოდ კარგი რისკისა და მომგებიანობის ბალანსია, საშუალოდ 8%-ზე მეტშია, ეს დამოკიდებულია ვადიანობაზე.

შემდეგი არის სადეპოზიტო სერტიფიკატები - დღევანდელი კაპიტალის ბაზარი სხვა გასაქანს არ გვაძლევს, ამიტომ ვუყურებთ მაინც ბანკებს და სადეპოზიტო სერტიფიკატებს. გარდა ამისა, ლარში საკმაოდ კარგი მოგება გვაქვს. ჩვენ ინვესტირება გავაკეთეთ 570 მილიონის. საკმაო ჭერი მოვხსენით საპროცენტო განაკვეთების, რასაც ბანკები გვთავაზობდნენ, ამიტომაც გვაქვს ასეთი კარგი ამონაგები, 11,1%. რვა ბანკზე ვსაუბრობ, სადაც ამ წუთას არის განთავსებული თანხა.

მესამე არის გლობალური ფასიანი ქაღალდები, „ემესია ინდექსი“, რაც მოიცავს განვითარებული ეკონომიკების საფონდო ბაზრებს და რომ შევხედოთ, მასში შედის „მაიკროსოფტი“, „გუგლი“, „ტესლა“ და რიგი კომპანიები, არა მხოლოდ ტექნოლოგიური. რომ შევხედოთ ამ „ემესია ინდექსის“ განვითარებას, ჩვენ საკმაოდ კარგი „ბლუ მარკეტი“ გვქონდა. მარტში გვქონდა დაღმასვლა, თუმცა შემდეგ უკვე „ემესია ინდექსმა“ ამოიღო თავისი თავი, გაუტოლდა საწყის ეტაპს და როგორც კი გლობალური ეკონომიკები დაიწყებს ზრდას, ეს „ემესია ინდექსიც“ გაყვება და ზრდას დაიწყებს. ამიტომ ჩვენ გვინდა, ჩვენმა მონაწილეებმა ამის ბენეფიტებიც მიიღონ“, - განმარტა მელიქიძემ.