მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად იყიდება ნედლი რძისგან დამზადებული ყველი „ზესტაფონური“ - კოოპერატივის გამოწვევები

5fa16e1a5ca60
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.20 09:45
2198
კოოპერატივი „ზესტაფონური“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიანულში 2016 წლიდან ამოქმედდა. აგრო მიმართულებებთან ერთად კოოპერატივი ყველის საწარმოს მართავს და ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქტით ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კოოპერატივის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ჭანკოტაძე ამბობს, ყველის საწარმო მუდმივად 6 ადამიანს ასაქმებს, ხოლო პროდუქტისთვის საჭირო ნედლ რძეს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. მისი დღიური წარმადობა ზაფხულის მაღალი წველის სეზონზე 2 ტონაც ყოფილა, რაც, დაახლოებით, 200 კგ სულგუნი და 300 კგ-მდე იმერული ყველია.

მეწარმის თქმით, დღეისთვის „ზესტაფონურის“ სახელწოდებით ყველი როგორც - ზესტაფონის მარკეტებში, ასევე რაჭაში იყიდება და კომპანია ჯანსაღი პროდუქტით საბავშვო ბაღების მომარაგებასაც ახერხებს. მამუკა ჭანკოტაძე ამბობს, რომ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი არასტაბილურია, შესაბამისად, საწარმო არსებულ სიმძლავრეებს სანახევროდ იყენებს და დღეისთვის 700 ტონა რძეს ამუშავებს.

„ზაფხულში მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა დაბალია, რადგან ჭარბი რძეა ბაზარზე, ხოლო ზამთრისთვის მაშინ როდესაც წველადობა იკლებს, მოსახლეობაში მოთხოვნა იზრდება, რასაც სრულად ვერ ვპასუხობთ, რადგან ფერმერები საკმარისი რაოდენობის რძეს ვერ გვაწვდიან და, შესაბამისად, ჩვენი წარმოებაც არ არის იმხელა, რამდენიც შეგვიძლია რომ ვაწარმოოთ“, - აცხადებს მამუკა ჭანკოტაძე.

მისი თქმით, ბაზარზე საღი ნედლი რძის დეფიციტის გამო, მათ რამდენიმე ქსელურ მარკეტთან ხელშეკრულებაზეც თქვეს უარი. „გვქონდა შემოთავაზებები ქსელური მარკეტებიდან „სმარტიდან“, „სპარიდან“ და ა.შ., თუმცა ვერ შევედით, რადგან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ჩვენ მათთვის ყველი განსაზღვრული რაოდენობით, სტაბილურად უნდა მიგვეწოდებინა, რასაც დღეისთვის, როგორც გითხარით, ვერ ვახერხებთ. ზამთრის სეზონში წარმადობა დღიურად ზოგჯერ 200 ლიტრამდე ჩამოდის“, - ამბობს „ზესტაფონურის“ დამფუძნებელი.

მამუკა ჭანკოტაძე მიიჩნევს, რომ ეს გამოწვევები არ იქნებოდა, კოოპერატივი საკუთარ ფერმასაც რომ ფლობდეს, თუმცა ეს ყოველივე მისი თქმით, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

„კოოპერატივს საკუთარი ფერმა რომ ჰქონდეს, პროგნოზსაც გავაკეთებდით და ხელშეკრულებებსაც ადვილად დავდებდით, მაგრამ რადგან ფერმერებზე ვართ დამოკიდებულები, ამ ეტაპზე ქსელურ მარკეტებში შესვლას ვერ ვახერხებთ. ხშირად ფერმერები, იმ შემთხვევაში თუ ყველის ფასი იზრდება რძეს აღარ გვაბარებენ, რადგან უნდათ, რომ რძეშიც მეტი გადავუხადოთ, თუმცა იმას არ უყურებენ, რომ ზაფხულშიც პროდუქტზე შემცირებული ფასის პირობებშიც, იმავე თანხას ვუხდით და ღირებულებას არ ვუმცირებთ“, - აღნიშნავს ის.

„კოოპერატივის“ თავმჯდომარე ამბობს, მათ გეგმაში საკუთარი ფერმის აშენებაც შედიოდა, თუმცა სახელმწიფო მერძეული მეურნეობის განვითარების პროგრამა მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

„გეგმაში გვაქვს საკუთარი ფერმის მოწყობა, იმედი გვქონდა, სახელმწიფოს მიერ ჩაშვებული მერძეული მეურნეობის განვითარების პროგრამა დაგვეხმარებოდა, რომელიც IFAD-მა დაამუშავა, მაგრამ ძააან უღიმღამო პროგრამაა... დამუშავების პროცესში ჩამოსულები იყვნენ ჩვენთან, თუმცა ის რეკომენდაციები, რაც დარგს ჰქონდა, არ გაითვალისწინეს, შესაბამისად, ამ პროგრამით ვერ ვისარგებლეთ. მესაქონლეობაში დიდი თანხები  თუ არ ჩაიდო, რთულია ამის მოწყობა, თან შედეგის დასანახად წლებია საჭირო“, - უთხრა BM.GE-ის მამუკა ჭანკოტაძემ.

ცნობისთვის: კოოპერატივი „ზესტაფონურის“ ყველის საწამო ENPARD-ის პროექტით 150 000 ლარის გრანტით და „ზესტაფონურის“ დამფუძნებელთა პირადი ინვესტიციით ამოქმედდა. საწარმოს ამოქმედებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოცულობამ ჯამში 250 000 ლარი შეადგინა.