მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად, რომელი კოვიდ-ვაქცინებით იცრებიან? - ვაქცინების მსოფლიო რუკა

60587221f19d8
თათია კაკიაშვილი
22.03.21 23:20
1247

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია ავტორიზებული. ამ დროისთვის, მოსახლეობის ვაქცინაციისთვის 439 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, თუმცა ეს მაჩვენებლები ქვეყნებს შორის თანაბრად არ ნაწილდება - მსოფლიო რუკაზე ბევრი ისეთი ქვეყანა დარჩა, სადაც მოსახლეობა ჯერჯერობით ერთი დოზითაც არ არის აცრილი და გვხვდება ისეთი ქვეყნებიც, სადაც ვაქცინების მიღებას ყოველდღიურად ელოდებიან.

BBC-ის მიხედვით, იმ ქვეყნების სია, სადაც ვაქცინის ყველაზე მეტი დოზა აქვთ მიღებული, ასე გამოიყურება: აშშ (115,730,008 დოზა), ჩინეთი (65,284,237 დოზა), ინდოეთი (39,339,817 დოზა), გაერთიანებული სამეფო (27,614,526 დოზა), ბრაზილია (13,013,331 დოზა), თურქეთი (12,431,482 დოზა), გერმანია (10,067,955 დოზა) და ისრაელი (9,631,315 დოზა).



ყველაზე მეტი აცრილი მოსახლეობის რაოდენობით კი ისრაელი ლიდერობს, სადაც მოქალაქეების 58%-ს პრეპარატის ერთი დოზა აქვს მიღებული, ხოლო 51%-ს - ორი. შემდეგია სეიშელის კუნძულები, ერთი დოზით აცრილი 65%-ით, ხოლო სრულად აცრილი მოსახლეობის 29%-ით. სიაში შემდეგი გაერთიანებული სამეფოა, რომელსაც ჩილე, ბაჰრეინი და აშშ-ი მოჰყვება.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველაზე ადრე Pfizer-BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინა დაამტკიცა, რომელმაც 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. BBC-ის ინფორმაციით, პრეპარატი ამჟამად 81 ქვეყანაში გამოიყენება. შემდეგია Astrazeneca, რომელიც მსოფლიოს 73 ქვეყანაშია ავტორიზებული. მას Moderna მოსდევს, რომელიც 33-მა ქვეყანამ აღიარა; 20 ქვეყანაში გამოიყენება Sinopharm-ი; 18-ში - Sputnik V; 14-ში - Sinovac-ი; ორში - Janssen-ი; ხოლო თითო-თითო ქვეყანაში - EpiVacCorona და Covaxin-ი. 



იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც Pfizer-BionTech-ის მიერ წარმოებულ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭეს, გვხვდება: ევროპის და აზიის ქვეყნების დიდი ნაწილი, გაერთიანებული სამეფო, აშშ-ი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები, სადაც მოსახლეობის აცრა რამდენიმე თვეა, დაწყებულია. რაც შეეხება AstraZeneca-ს, ამ კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინის მომხმარებლები, ძირითადად, ევროპის ქვეყნები, კანადა, ჩილე, სინგაპური და ცენტრალური აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყანაა. დიდი ბრიტანეთი კი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოსახლეობის აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო. 



რუსეთმა, ჩინეთმა, ინდონეზიამ და აფრიკის ზოგიერთმა სახელმწიფომ კი რუსული Sputnik V, ჩინური Sinovac CoronaVac-ის და სინოფარმის ვაქცინების გამოყენება აირჩია.



დღეს სრულად აცრილად ის პირები ითვლებიან, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს. გამონაკლისია ფარმაცევტული კომპანია Johnson&johnson-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც, ერთი დოზაც საკმარისია.