მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სადაა პოსტ-პანდემიური ეკონომიკური პოლიტიკის გეგმა, რომელიც დაგხვდათ?“ - ლილუაშვილი პრემიერს

60d5cfd6d83ff
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.21 16:50
1120
"სად არის პოსტ-პანდემიური ეკონომიკური პოლიტიკის გეგმა, რომელიც თქვენ მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლისას დაგხვდათ?!", - ეს კითხვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ყოფილი პრემიერის ყოფილმა მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა მოქმედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს დაუსვა.

მისი თქმით, პოსტ-პანდემიური გეგმის შემუშავებაზე, გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტი საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობდა.

„სად არის გეგმა, რომლის შემუშავება მიმდინარეობდა არა ქალაქგარეთ წვეულებების ფარგლებში, არამედ ჩართულები იყვნენ სახელმწიფო საჯარო მოხელეები სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის სამინისტროებიდან და ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფები.

რატომ არ მიმოიხილეთ დღეს 10-წლიანი ეკონომიკური გეგმის ფარგლებში ის საკითხები, რომელიც რეალურად სჭირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას; რატომ არ ისაუბრეთ საშემოსავლო გადასახადის შემცირების შესაძლებლობებზე, რომელიც წარმოდგენილი იყო იმ გეგმაში, რომელიც დაგხვდათ, რატომ არ ისაუბრეთ მსხვილი ინვესტიციებისთვის გადასახადების დაბრუნების საკითხზე, ექსპორტის პირდაპირ გაწერილი ღონისძიებების მხარდაჭერის საკითხზე, რომელიც ასევე გეგმაში იყო. რატომ არ ისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას რეალურად სჭირდება, მაგალითად, სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე, რომელსაც დიდი მხარდაჭერა ექნებოდა საპარლამენტო უმრავლესობაში და ის, ფაქტობრივად, გაჩერდა. რატომ არ ისაუბრეთ საგადასახადო შეთანხმებების გაუქმების პრაქტიკაზე - ეს ხომ მანკიერია და გასაკეთებელია; ასევე, რატომ არ ისაუბრეთ არაეფექტიანი და მოძველებული საგადასახადო შეღავათების გაუქმებაზე, რაც ეკონომიკას სჭირდება...“, - მიმართა ბექა ლილუაშვილმა პრემიერ-მინისტრს.

მან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარმოდგენილი გრძელვადიანი გეგმა უარყოფითად შეაფასა და თქვა: „ეს არ არის გეგმა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას სჭირდება. ქვეყანას სჭირდება არა 10-წლიანი ილუზიებით და პოპულიზმით გაჯერებული ელექტორალურად დატვირთული გეგმა, არამედ რეალური გეგმა, და ის ისეთივე არაფრის მომტანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, როგორც 500 მლნ-იანი პროგრამა, რომელიც ფასადებს ღებავს, რომლითაც რეალურად პოსტპანდემიურ პერიოდში შეგვეძლო მოსახლეობას დავხმარებოდით“.