მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადამდე გაზრდის რეფინანსირების განაკვეთს ეროვნული ბანკი?

5dd51dccd6793
BM.GE
20.11.19 15:01
1789
მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა.

კობა გვენეტაძემ გამოსვლისას მაკროეკონომიკურ გარემოზე, ინფლაციასა და პროგნოზებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2020-2022 წლისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტით განისაზღვრა. გვენეტაძის განცხადებით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9% შეადგინა. ეროვნული ბანკის მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, მოკლევადიან პერიოდში მთლიანი წლიური ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება, შემდგომ მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით ჩამოცდება და, 2020 წლის მე-4 კვარტალში, მას ქვემოდან დაუახლოვდება.

„ინფლაციის დინამიკას ძირითადად ორი ფაქტორი განსაზღვრავს - წინა პერიოდებში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება და სუსტი ერთობლივი მოთხოვნა. პირველი მათგანი, მოკლევადიან პერიოდში, ინფლაციაზე მიმართულებით ახდენს ზეწოლას, ხოლო მეორე მათგანი კი, პირიქით, ინფლაციაზე დაღმავალ წნეხს აჩენს. საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით განეიტრალდება და, ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი გაუმჯობესების კვალდაკვალ, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებას უზრუნველყოფს. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის შესამცირებლად, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო და სექტემბერსა და ოქტომბერში საპროცენტო განაკვეთები ეტაპობრივად 8.5%-მდე გაიზარდა. დღევანდელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გაგრძელდება მანამ, სანამ პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა, ხოლო შემდგომ კი ეტაპობრივად დაიწყებს შემცირებას და ორწლიანი პერიოდის შემდეგ ნეიტრალურ დონეს დაუბრუნდება, რომელიც, არსებული შეფასებით, 6%-ის ფარგლებშია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად და შესაძლო რისკების მიმოხილვა.


ipn.ge