მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო ბაზრის 6 თვე - „სავარაუდოდ, კლების ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდება“

5f61c9072482a
ელენე გოგბერაშვილი
17.09.20 09:45
857
30 ივნისის მდგომარეობით, ბაზარზე 18 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. აქედან მხოლოდ ერთი არასიცოცხლის დაზღვევის, ხოლოდ 17 მათგანი როგორც სიცოცხლის, ასევე, არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას ფლობს.

2020 წლის 6 თვის განმავლობაში ინდუსტრია 29,2 მილიონი ლარის მოგებაზე გავიდა, რაც 9,6 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. გაზრდილია მოზიდული პრემიის მოცულობაც. კომპანიების მიერ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდულმა პრემიამ 376, 9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 31.6 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

კომპანიების მიხედვით, მოზიდული პრემიით პირველ ადგილზე „ჯიპიაი ჰოლდინგია“. მათ 6 თვეში 78,46 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 21,84 მლნ ლარით აღემატება. მეორე და მესამე ადგილზე ამ მაჩვენებლით „ალდაგი“ და „იმედი ლ“ არიან.

ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალების მიხედვითაც პირველ ადგილზე „ჯიპიაი ჰოლდინგია“. კომპანიამ 6 თვეში 28,81 მილიონი ლარის ზარალი აანაზღაურა, თუმცა ეს მაჩვენებელი გასული წლის 6 თვეში გაცილებით ნაკლები იყო. „ჯიპიაის" შემდეგ ყველაზე მეტი ზარალის ანაზღაურება „ალდაგის“ და „თიბისი დაზღვევის“ მხრიდან მოხდა.

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობებიდან მოზიდულ პრემიას და ბაზრის წილს კომპანიების მიხედვით, ამ შემთხვევაშიც ბაზრის ლიდერი „ჯიპიაი ჰოლდინგია“. ჯამში, სექტორმა დაზღვევის ამ სახეობაში 171 მლნ ლარის პრემია მოიზიდა, საიდანაც „ჯიპიაის“ წილი 50,28 მლნ ლარია. კომპანიას ამ მაჩვენებლით ბაზრის 29%-იანი წილი უჭირავს. ზემოთხსენებული მაჩვენებლის მიხედვით, მეორე ადგილზე „იმედი ლ“-ია. კომპანიას ბაზრის 23%-იანი წილი უჭირავს. მათ მიმდინარე წლის 6 თვეში 40,02 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური მიერ სადაზღვევო ბაზრის 6 თვის მაჩვენებლები სადაზღვევო ბიზნესს კმაყოფილების განცდას არ უტოვებს.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი ამბობს, რომ სავალუტო კურსის გათვალისწინებით ინდუსტრიაში არათუ - ზრდა, პირიქით კლება ფიქსირდება. თინა სტამბოლიშვილი სექტორის პერსპექტივებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით, მათი გათვლებით, ვარდნა წლის ბოლომდე გაგრძელდება, ამიტომ კომპანია თვლის, რომ მნიშველოვანია ბოლომდე მივიდეს ყველა დაგეგმილი რეფორმა, განსაკუთრებით ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომლის დამტკიცებას სექტორი ორი წელია უკვე ელოდება.

„სადაზღვევო ბაზარი უმნიშვნელოდ არის გაზრდილი, თუმცა ამას ვერ მივაწერთ, რომ ბაზარი იზრდება და დინამიურად ვითარდება. პირიქით - შეიძლება ითქვას, რომ შემცირებაა, რადგან უნდა გავითვალისწინოთ სავალუტო კურსი და ის, რომ ძირითადი ზრდა არის ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, მაში როცა ე.წ. არასიცოცხლის მიმართულებით არის კლება. აქაც, რომ შევხედოთ მსხვილ მიმართულებებს, მაგალითად, ავტოდაზღვევაში არის 20%-იანი კლება, ხოლო ქონების მიმართულებით მცირედი ზრდაა, რაც ძირითადად აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ხარჯზეა.

ეს სერიოზული გამოწვევაა ბაზრისთვის, რადგან ძირითადად არასიცოცლის დაზღვევაა მომგებიანი კომპანიებისთვის, ვიდრე ჯანმრთელობის დაზღვევა.

არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით დინამიკა არის დავარდნილი და ეს გაგრძელდება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე, ამიტომ უაღრესად მინიშვნელოვანია დაგეგმილი რეფორმების ბოლომდე მიყვანა, რაც შეფერხდა ამ სიტუაციის გამო. სადაზღვევო ბაზრის გადარჩენისთვის აუცილებელია, რომ ეს რეფორმები ბოლომდე მივიდეს. ვგულისხმობ ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ კანონის დამკიცებას, რომელიც შეთანხმებულია ყველა მხარესთან და უნდა მოხდეს მისი მიღება. სავარაუდოდ, არასიცოცხლის პორტფელში კლების ტენდენცია გაგრძელდება, რაც იქნება პრობლემატური განსაკუთრებით პატარა და საშუალო კომპანიებისთვის, ვინც სიცოცხლის ბაზარზე არ მუშაობას. ეს შეიძლება აისახოს სამუშაო ადგილებსა და ბაზრის კლებაზე“, - აცხადებს სტამბოლიშვილი.

სადაზღვევო სექტორის 6 თვე bm.ge-ისთან შეაფასა „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმაც. გიორგი ბარათაშვილის შეფასებით, ზრდა, რაც მათ კომპანიაში დაფიქსირდა, ძირითადად წლის პირველ ორ თვეში მიღწეული შედეგია, რადგან მომდევნო თვეები კომპანიისთვის წამგებიანი იყო. გიორგი ბარათაშვილის თქმით, ვარდნა მოხდა ძირითადად საცალო გაყიდვების მიმართულებით, რადგან ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, განსაკუთრებით კი ეს შეეხო სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესს, სადაც უმეტესწილად დაზღვევის პოლისების შეჩერება მოხდა. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, ბარათაშვილი იმედოვნებს, რომ სექტორი წლის ბოლოს იმ ნიშნულს დაბრუნდება, რაც გასულ წელს იყო.

„2020 წელი კარგად დაიწყო ინდუსტრიისთვის. იანვარ-თებერვალში ჩვენ გვქონდა საკმაოდ კარგი ზრდა, დაახლოებით, 30%-იანი ზრდა იყო, თუმცა მარტიდან მკვეთრად წამოვიდა ვარდნა ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 6 თვის განმავლობაში რეალური ზრდა დაჯდა მოზიდული პრემიის 4%, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის პირველი და მეორე თვის ხარჯზე, დანარჩენი თვეები იყო მინუსი. ვარდნა მოხდა განსაკუთრებით საცალო გაყიდვებში, ვინაიდან ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა დავარდა. ძალიან შეეხო ეს სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესს. მოხდა დაზღვევის სახეობების შეჩერება, ასევე მანქანების გაქირავების ბიზნესი, მცირე და საშუალო ბიზნესი - აქაც იყო შეფერხება.

იმის მიუხედავად, რომ ზრდა ჩანს 4%-იანი, ეს იყო ძირითადად აქტივების გადაფასებით, რადგან კურსთან მიბმულია სადაზღვევო ინდუსტრია. მოგებაშიც ჩანს ზრდა, რაც გამოწვეულია კურსთაშორის სხვაობით და გადაფასებით. აპრილში იყო საგანგებო რეჟიმი. მომხმარებლები ვერ იღებდნენ მომსახურებას, კლინიკები დახურული იყო. ეს მოგებაც არ არის გრძელვადიანი, იყო მოკლევადიანი, თუმცა ინდუსტრია გავიდა მოგებაზე. ასევე, ავტომობილების დაზღვევაში იყო ზრდა, როცა გზებზე ავტომობილები არ გადაადგილდებოდნენ, აქედანაც სადაზღვევოებმა 6 თვის ჭრილში მომგებიანობა გაზარდეს, თუმცა ეს არ არის გრძელვადიანი და შენარჩუნებადი. ის ნიშნული, რაც იყო კოვიდამდე, ფაქტობრივად, დაუბრუნდა და გაასწრო კიდეც. ვინც ვერ სარგებლობდა სამედიცინო მომსახურებით, ახლა მიაკითხა სამედიცნო დაწესებულებებს და ზარალიანობის მაჩვენებლიც მეტია ახლა. ავტომობილებიც ისევე მოძრაობენ, როგორც - კოვიდამდე. წლიურ ჭრილში ჩვენი მოგება ალბათ დასტაბილურდება და რაც შარშან იყო, იმედია იმ ნიშნულზე გავალთ“, - აცახდებს გიორგი ბარათაშვილი.