მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო ინდუსტრია დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევის შემოღების ინიციატივით გამოდის

6215d86f761c1
ელენე გოგბერაშვილი
23.02.22 13:42
1187
სადაზღვევო სექტორი მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის შეცვლის ინიციატივით მიმართავს. ბიზნესს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ საბიუჯეტო რესურსი უფრო მიზნობრივად უნდა განკარგოს და მოქალაქეთა ჯანმრთელობის რისკების მართვა კერძო სადაზღვევო ბიზნესს გადააბაროს.

სადაზღვევო ინდუსტრია გამოდის ინიციატივით, სახელმწიფომ ფორმალურ სექტორში დასაქმებულების და მათი ოჯახების სავალდებულო საბაზისო დაზღვევა აამოქმედოს. ერთ-ერთ ვერსიად კერძო სექტორი განიხილავს სქემას, როცა დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეთა სადაზღვევო პრემიას სრულად ან ნაწილობრივ სახელმწიფო დაფარავს. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შედეგად მთავრობა მილიონობით ლარის რესურსის გამოთავისუფლებას შეძლებს.

"პრინციპული ნაწილია, რომ გააზრებულად, მოდელირებულად მოხდეს ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის შეცვლა და  სადაზღვევო მექანიზმებზე გადაყვანა; ამასთან დაკავშირებით ჯერ სერიოზული განხილვები მთავრობასთან არ ყოფილა, თუმცა პრეზენტაციები გაკეთებული გვაქვს პარლამენტში და ვაპირებთ ახალ მინისტრთან შეხვედრასაც. ვფიქრობ, მომავალი თვიდან ამ საკითხის განხილვისთვისაც მოიცლიან.

თუ საყოველთაო დაზღვევის პროგრამები გადავა სადაზღვევო მექანიზმზე, ეს მისცემს მთავრობას ფისკალურ სტაბილურობას, შეიძლება დანაზოგიც მისცეს, მაგრამ სტაბილურობას ნამდვილად მისცემს. ადამიანებისთვის ეს იქნება ძალიან საინტერესო, რადგან ასეთ დროს აუცილებლად გაუმჯობესებული ამბულატორიული მომსახურება და წამალი უნდა ჩაიდოს იმ პროდუქტში.

შეიძლება დავიწყოთ დასაქმებული მოქალაქეებით და მათი ოჯახის წევრებით. თუ პრემიის გადახდაში მთვარობა არ შეეხიდება მათ, ჩვენი პროგნოზით, 200-მილიონიან ეკონომიას გააკეთებს სახელმწიფო. თუ მიიღებს მონაწილეობას და პრემიას დაუსუბსიდირებს დაბალი შემოსავლის მქონე დასაქმებულებს, რაც უფრო რეალისტურად მიმაჩნია, 150 მლნ ექნება ეკონომია“, - აცხადებს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი.

სადაზღვევო სექტორის ინიციატივასთან დაკავშირებით ჯერ ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციები არ დაწყებულა, თუმცა მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ სამინისტრო მზადაა, კერძო სექტორის მოსაზრებები განიხილოს.

„ჩვენ მათთან დეტალური კონსულტაცია, ჯერჯერობით, არ გვქონია, თუმცა თუკი ისინი მოგვმართავენ ამ საკითხთან დაკავშირებით, მზად ვართ განვიხილოთ და გავიაროთ ის მოსაზრებები, რაც შეიძლება ჰქონდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში ინტერვენციები, რომელიც აუმჯობესებს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ჯანდაცვის სერვისებზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ კონკრეტულ წინადადებაზე დეტალური, ტექნიკური საუბარი ჩვენ ჯერ არ გვქონია“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

კიდევ ერთი მექანიზმი, რომელმაც მოსახლეობის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა უნდა გაზარდოს, ე.წ. შემავსებელი სადაზღვევო პაკეტების არსებობას უკავშირდება, რაც კონკურენციის სააგენტოს ფარმაბაზრის მონიტორინგის დასკვნის ერთ-ერთი რეკომენდაციაცაა. ეს იმას ნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს კერძო დაზღვევის შეძენა და არსებული პაკეტის გაუმჯობესება შეეძლებათ.

„მოსახლეობის 60%-ს აქვს საშუალება და უფლება, ისარგებლოს საყოველთაოს პროგრამით და პარალელურად დამატებით დაიშენოს იმ სერვისების დაფინანსება, რომელიც აკლია საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში. ესენი არიან პენსიონერები, უმწეოები, ბავშვები. დანარჩენ მოსახლეობას რატომღაც არ აქვს ამის უფლება. პირველი ნაბიჯი, რომელიც არ მოითხოვს მნიშვნელოვან ცვლილებას, გაუშვით, რომ ყველას ჰქონდეს ამის უფლება, შედეგად გაიზრდება ინსტიტუციურად დაფინანსების წილი და გაიზრდება იმ ადამიანების წილი, რომელიც დაფარავენ უკეთეს ამბულატორიას და წამალს, ვიდრე დღეს არის საყოველთაოში. ეს პანაცეა არ არის, მაგრამ რასაკვირველია, უნდა გვესმოდეს, რომ ნებაყოფლობითი შესყიდვა რთულია, სისტემურ რაღაცეებამდე უნდა მივიდეთ, ეს შეზღუდვა უნდა გავაუქმოთ მოსახლეობის 40%-სთვის“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.