14.სექტემბერი .2019 14:45

სადაზღვევო ინდუსტრია საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევას ითხოვს

views 179
უკან

საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებაზე განხილვების დაწყება იგეგმება. ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ტურისტული ნაკადების ზრდის პარალელურად, იზრდება მათზე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიერ გაწეული ხარჯებიც. ინდუსტრიის წარმომადგენლებმა საკითხი ჯანდაცვის ახალ მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრაზე დააყენეს.

"ძალიან ბევრ ტურისტს, რომელიც ჩვენთან ჩამოდის, დაზღვევა არ აქვს და ამის გამო ჩვენს სისტემას ექმნება პრობლემა. როგორც ჩვენ მივდივართ საზღვარგარეთ და გვჭირდება სამოგზაურო დაზღვევა, ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც მოთხოვნილი უნდა იყოს ლიმიტების ფარგლები, სადაც გინდა შეიძინე ეს დაზღვევა, მთავარია ლიმიტები იყოს ადეკვატური იმ სამედიცინო ხარჯებისა, რომელიც არის ამა თუ იმ ქვეყანაში.

ასეთი სიტემა უნდა ჩამოყალიბდეს აქაც, რომ დაცული იყოს ის ადამიანი ვინც შემოდის და მეორეს მხრივ, ჩვენი სისტემა, რომელიც სასწრაფოდან კლინიკამდე საკმაოდ ხშირად "გადაგდებულია".

ამ თემაზე იყო ახალ მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი და ვფიქრობ ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად დაიწყება. ამ დროისთვის არსებობს ნორმატიული აქტი, სადაც მსგავსი ჩანაწერი არსებობს, თუმცა ამ საკითხს არავინ აკონტროლებს საზღვარზე, ამიტომ აუცილებელია პრობლემის მოგვარება დაიწყოს", – განაცხადა ხეჩინაშვილმა.