მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო კომპანიები სადაზღვევო შენატანების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების ინიციატივით გამოდიან

5e8b2d4044022
ელენე გოგბერაშვილი
06.04.20 23:30
1245
სადაზღვევო ინდუსტრია სადაზღვევო შენატანების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების ინიციატივაზე მსჯელობს. ეს მათი გათვლებით გარკვეული შეღავათი იქნება იმ კორპორატიული კლიენტებისთვის, რომელთაც კორონავირუსის გავლენით ფინანასური პრობლემები შეექმნათ და სადაზღვევო პრემიას ვეღარ იხდიან.

„იმისათვის, რომ კომპანიებში მომუშავე ადამიანებს არ შეუწყდეთ დაზღვევა და ორგანიზაციებმა შეძლონ სადაზღვევო პრემიების გადახდა, ამიტომ მოკლე ვადაში შესაძლებელია მათი სადაზღვევო შენატანები გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან. ეს მისცემთ მათ ერთი - შეღავათს და მეორე – სტიმულს, რომ გაუგრძელონ თავის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაზღვევის გადახდა. ეს არის ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვსურს გავაჟღეროთ იმ კონსუტაციებში, რასაც ვაპირებთ, რომ გვქონდეს მთავრობასთან“, - აცხადებს bm.ge-სთან თინა სტამბოლიშვილი, „ჯი პი აი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურის უფროსი.

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით კი, კორონავირუსის გავლენის შესახებ ინდუსტრიას სრული სურათი რამდენიმე დღეში ექნება. იმ შემთხვევაში თუ შედეგები საგანგაშო აღმოჩნდება, ინდუსტრია მთავრობას შესაბამისი ინიციატივით მიმართავს.

„ჩვენ ახლა ვაჯამებთ კორონავირუსის გავლენას ჩვენს ბიზნესზე. უდავოა, რომ აქვს ნეგატიური გავლენა ანუ ფერხდება გადახდები და ნაწილობრივ შეფერხება ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ უჩერდებათ მომსახურებაც თუ არ შეთანხმდნენ სხვა რამეზე. ყველაზე დიდი საფრთხე, რასაკვირველია არის ის, რომ ჯანმრთელობის დაზღვევაშიც არ მოხდეს მასიურად ასეთი პროცესი, რომ უბრალოდ ადამიანები ვეღარ იხდიდნენ შემოსავლების დაკარგვის გამო და არ შეუჩერდეთ დაზღვევა და შესაბამისად, რომ გაუჭირდეთ ამ რთულ ვითარებაში, ისედაც არ დარჩნენ დაფარვის გარეშე.

თუ გაუწყდებათ კონტრაქტი, ისინი გადავლენ ავტომატურად რაღაც წესით საყოველთაოში და კიდევ ბიუჯეტს დააწვებიან“, - აცხადებს bm.ge-სთან სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი.

სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის განცხადებით, სადაზღვევო შენატანების გადახდა განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში მოქმედ კომპანიებს და მსხვილ სავაჭრო ქსელებს გაუჭირდათ.

„ისინი მოგვმართავენ ან გადავადებით და შეღავათის გაკეთებით მინიმუმ პროცესის დასრულებამდე ან უბრალოდ ხელშეკრულების გაუქმების თხოვნით, რადგან მათდაუნებურად ვეღარ ახერხებენ მათი თანამშრომლების სადაზღვევო შენატანების გადახდას. ტურიზმს სექტორის გარდა, ეს ეხება სავაჭრო ქსელებს, რომლებსაც გაუჭირდათ და ერთი ხელის მოსმით მოუწიათ ხარჯების შემცირება და ამაში მოჰყვა ქონების და სხვა რისკებთან დაკავშირებული დაზღვების გაუქმება და ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება სადაზღვევო სექტორზე.

ჩვენ თავიდანვე მიზანშეწონილად მივიჩნევდით, რომ სამედიცინო დაზღვევა დროებით მაინც გათავისუფლებულიყო საშემოსავლო გადასახადისგან. მცირე და საშუალო ბიზნესი იმას მაინც უზრუნველყოფდა, თუ ვთქვათ თანამშრომლების ხელფასების გადახდას ვერა, სამედიცინო დაზღვევა მაინც დაეტოვებინათ თანამშრომლებისთვის, რადგან სხვა ყველაფერზე შეიძლება დღეს თვალი დახუჭო, მაგრამ სამედიცინო დაზღვევა განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პირდაპირ ვებრძვით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკს, პანდემიას, მნიშვნელოვანი იქნებოდა ადამიანებს შეენარჩუნებინათ, თუმცა ამ ეტაპზე არ გვაქვს ზუსტად არც პასუხი და არც ინფორმაცია როგორ შეიძლება, რომ ამ ხალხს შეუნარჩუნოთ ეს დაზღვევა. პირდაპირ თუ პრემიას ვერ მივიღებთ ბუნებრივია დაზღვევას ვერ განვახორციელებთ. ეს საკმაოდ მძიმედ შეეხება ინდუსტრიას და ჩვენც ვემზადებით. რაღაცნაირად უნდა გადავაწყოთ ინდუსტრია იმისთვის, რომ ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად შევასრულოთ“, - აცხადებს bm.ge-თან სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, ნინა კობახიძე.