01.აპრილი .2022 14:15

სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი მიღებული შემოსავლების და ანაზღაურებული ზარალის მიხედვით

სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი მიღებული შემოსავლების და ანაზღაურებული ზარალის მიხედვით
views 1509
უკან

საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 2021 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნეს. ანგარიშების მიხედვით, გასულ წელს სადაზღვევო ბაზარი 16%-ით გაიზარდა და კომპანიების მიერ პრემიის სახით მოზიდულმა თანხამ 773 მილიონი ლარი შეადგინა. მიღებული სადაზღვევო პრემიებიდან კომპანიებმა 2021 წელს მათ მომხმარებლებს 436 მილიონი ლარის დამდგარი ზარალი აუნაზღაურეს. ანაზღაურებული ზარალის მოცულობა წინა წელთან შედარებით 51 მილიონით არის გაზრდილი, სწორედ ესაა ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც 2021 წელს სექტორის წმინდა მოგება 8 მილიონი ლარით 40 მლნ ლარამდე შემცირდა.

სეგმენტებს შორის წამყვანი კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევაა, რომლის პრემიაც გასულ წელს 305 მილიონი ლარი იყო (მატება 14%). კომპანიების მხრივ კი პირველ ადგილზე კვლავ “ჯი პი აი ჰოლდინგია”, რომელმაც 140 მილიონი ლარის პრემიის შემოსავალი მიიღო და 98 მილიონის დამდგარი სადაზღვევო ზარალი აანაზღაურა.

2021 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიები და მათ მიერ ანაზღაურებული ზარალები ასე ნაწილდება:

1. ჯიპიაი ჰოლდინგი - მოზიდული პრემია 140.4 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 98 მლნ;
2. ალდაგი - მოზიდული პრემია 123.2 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 54.8 მლნ;
3. თიბისი დაზღვევა - მოზიდული პრემია 115.9 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 49.1 მლნ;
4. იმედი L - მოზიდული პრემია 74.1 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 50.3 მლნ;
5. არდი - მოზიდული პრემია 67.4 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 39.8 მლნ;
6. ირაო - მოზიდული პრემია 49.3 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 39.7 მლნ;
7. უნისონი - მოზიდული პრემია 49.1 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 11.7 მლნ;
8. პსპ დაზღვევა - მოზიდული პრემია 25.5 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 21.8 მლნ;
9. ევროინსი - მოზიდული პრემია 22.3 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 14.4 მლნ;
10. ნიუ ვიჟენ - მოზიდული პრემია 21.4 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 14 მლნ;
11. სადაზღვევო ჯგუფი - მოზიდული პრემია 18.7 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 12.4 მლნ;
12. ბენეფიტი - მოზიდული პრემია 16.5 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 8.8 მლნ;
13. ალფა - მოზიდული პრემია 15.8 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 9.5 მლნ;
14. ბბ დაზღვევა - მოზიდული პრემია 13.8 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 2.4 მლნ;
15. პრაიმი - მოზიდული პრემია 6.3 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 3.1 მლნ;
16. ტაო - მოზიდული პრემია 5 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 4 მლნ;
17. ქართუ - მოზიდული პრემია 4.9 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 1.5 მლნ;
18. გრინ დაზღვევა - მოზიდული პრემია 3.1 მლნ ლარი, ანაზღაურებული ზარალი 0.4 მლნ.

2021 წლის განმავლობაში საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის მფლობელთა რაოდენობა 17,000-ით გაიზარდა და მან 637,900-ს მიაღწია. ასევე 12,000-ით გაიზარდა დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა და ის 105,000-ს შეადგენს.

დაზღვევის ტოპ 5 სეგმენტი მოზიდული პრემიის ოდენობით ასე ნაწილდება:

1. ჯანმრთელობის დაზღვევა - 305 მილიონი ლარი;
2. ავტოდაზღვევა - 143 მილიონი ლარი;
3. ქონების დაზღვევა - 118 მილიონი ლარი;
4. სიცოცხლის დაზღვევა - 60 მილიონი ლარი
5. ავტოტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - 44 მილიონი ლარი.

ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშე ჯიპიაი ჰოლდინგია, რომელზეც მოზიდული პრემიის 28% მოდის; ავტოდაზღვევის ბაზარზე კი თიბისი დაზღვევა ლიდერობს მოზიდული პრემიის 25%-ით.

2021 წელს საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის საშუალო პოლისის ღირებულება თვეში 39.9 ლარი ღირდა, ავტოდაზღვევა კი თვეში საშუალოდ 114 ლარი.