მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 39%-ით შემცირდა - 6 თვის მიმოხილვა

614d8649c11cd
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.21 13:00
686
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მიმდინარე წლის 6 თვის სადაზღვევო ბაზრის ფინანსური და სტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 18 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული და თითოეული მათგანი სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას ფლობს.

მიმოხილვის მიხედვით, 2021 წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მოგება ჯამში 83.1 მლნ ლარი იყო, წმინდა მოგებამ კი 17.7 მლნ ლარი შეადგინა. აღსანიშნია, რომ ამ პერიოდში მოგების მაჩვენებელი გასული წლის პერიოდთან შედარებით 7.1%-ით შემცირდა, ხოლო წმინდა მოგება 39.4%-ითაა შემცირებული, მაშინ როდესაც 6 თვის განმავლობაში პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდული სადაზღვევო პრემია 19%-ით გაიზარდა და 448.6 მლნ ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, მზღვეველების წმინდა მოგება 2019 წლის 6 თვის მაჩვენებლებს 9.7%-ით ჩამორჩება.



ამავე მიმოხილვით ირკვევა, რომ 6 თვეში სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1.034 მლრდ ლარი, ხოლო კაპიტალი - 278.6 მლნ ლარია. ეს მაჩვენებლები როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის მაჩვენებელს აღემატება. (2019 წლის აქტივები - 952.7 მლნ ლარი; კაპიტალი - 231.3 მლნ ლარი; 2020 წელი - 976.6 მლნ ლარი; აქტივები - 273.9 მლნ ლარი).