მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 49%-ით გაიზარდა - რა არის ამის მიზეზი?

5f3297bdb67d7
თამთა ჯიჯავაძე
12.08.20 09:40
1451
2020 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 49%-ით გაიზარდა. თუ რამ გამოიწვია ამ მაჩვენებლის ზრდა, ამის შესახებ განმარტება სადაზღვევო ასოციაციების ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა bm.ge-სთან გააკეთა.

„კარანტინის პერიოდში იყო ძალიან დაბალი ზარალიანობა, იმიტომ, რომ ხალხი არც ექიმთან დადიოდა და არც პოლიკლინიკაში. ჯანმრთელობის სერვისების მიღება იყო შეზღუდული თუ ეს არ იყო სასწრაფო. ასევე მანქანა არ დადიოდა ქუჩაში, მანქანის შეკეთება არ ხდებოდა და ა.შ. შესაბამისად, ამ პერიოდში სხვაობა [სადაზღვევო კომპანიების] შემოსავალსა და ხარჯს შორის გაიზარდა“, – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა მთავარია,  რა იქნება მომდევნო თვეებში, – „მეექვსე თვიდან დაიწყო ინტენსიური მოხმარება, რომელიც უნდა აისახოს ჯერ კიდევ ანგარიშგებაში. ყველაფერი დამოკიდებულია რეალურად რა მდგომარეობა იქნება საქართველოში, ეკონომიკაში, ადამიანების შემოსავლების კუთხით და ა.შ. შემოსავლები რომ შემცირებული არაა რადიკალურად, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი წლის დასაწყისი. თებერვალში 30%-იანი ზრდა იყო. პირველი კვარტალი 25%-იანი ზრდით დასრულდა. შემდეგ ეს ზრდა „შეიჭამა““, – განაცხადა სადაზღვევო ასოციაციების ხელმძღვანელმა.

მან იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რამაც პანდემიის პერიოდში ზიანი მიაყენა სადაზღვევო ბაზარს. მისი თქმით, ის, რომ ტურიზმის სექტორი გაჩერდა, ნიშნავს იმას, რომ დაზღვევა რაც ამ სექტორს უკავშირდება, შეფერხდა. ამას ემატება, საქართველოში არარეგისტრირებული ავტომობილების სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევები, რაც დევი ხეჩინაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა.

„თუმცა, კორპორატიული სექტორი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო, ძალიან ეცადა,რომ  შეენარჩუნებინა სადაზღვევო დაფარვა. იმ თვეებში ხალხი რომ გაუშვეს დროებით სახლში, მაშინაც კი შეუნარჩუნეს მათ დაზღვევა. ეს ძალიან კარგია. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, შემოსავლები, უმუშევრობის დონე, სახელმწიფო ბიუჯეტი როგორი იქნება. ჯერჯერობით ბიუჯეტი სტაბილურია, შესაბამისად, ჩვენი სადაზღვევო პორტფელის ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციებს ეხება, ჯანმრთელობაა, ავტომობილები თუ სხვა რამე, სტაბილურად შენარჩუნებულია. კარგის იმედი გვაქვს, თუმცა, სიტუაცია არ არის მარტივი“, – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კორონავირუსთან დაკავშირებით სადაზღვევო მიმართულებაზე, – „ვმუშაობთ, რომ მაგალითად ტურისტი რომ შემოვა საქართველოში, მას ჰქონდეს კოვიდის შემცველი დაზღვევის შეძენის ვალდებულება. ვნახოთ როგორ გამოვა ეს ამბავი“, – დასძინა ხეჩინაშვილმა.