მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევოები გეგმიური ლაბორატორიული მომსახურების შეჩერებას ითხოვენ - რა პოზიცია აქვს სამინისტროს?

61efb9d78b415
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.22 14:30
953
გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და რამდენიმე სადაზღვევო კომპანიას შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც კოვიდ-ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე სადაზღვევო კომპანიებში მომუშავე ოჯახის ექიმების მაღალი დატვირთულობაზე და აქედან გამომდინარე პროცესის ეფექტიანი მართვის გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს.

იმისთვის, რომ ოჯახის ექიმებმა გაზრდილ დაწოლას გაუძლონ, კერძო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე გზას სთავაზობს. მათ შორის მინისტრის მოადგილეს გუშინდელ შეხვედრაზე სადაზღვევოებმა არაკოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის გეგმიური ლაბორატორიული მომსახურების შეჩერება და სამინისტროს მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სთხოვეს, რათა ოჯახის ექიმებზე დატვირთვა შემსუბუქდეს და მათ კოვიდპაციენტების მართვა უკეთ შეძლონ.

BM.GE-მ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თამარ გაბუნიას ჰკითხა, რა პოზიცია აქვს სამინისტროს კერძო სექტორის მხრიდან გაჟღერებულ ინიციატივაზე.

„ვიმსჯელეთ გარკვეულ პროცედურულ და ადმინისტრაციულ საკითხებზე. არის თუ არა შესაძლებელი ადმინისტრაციული და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება ონლაინ, რადგან ეს ოჯახის ექიმებს დროს ართმევს. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ და ეს ყველაფერი ონლაინ ფორმატში გადავიტანოთ. რაც შეეხება გეგმიური ამბულატორიების გადავადებას, ეს უკვე შიდა თემაა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევების პრეცენდენტები იყო და გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადავადდება. არ გვქონია ამბულატორიული მომსახურების გადავადების ეპიზოდები, რადგან ეს მომსახურება ექიმის და პაციენტის კომუნიკაციის პროცესში მეტად მართვადია. ამდენად სადაზღვევო სქემებს შეუძლიათ ამაზე კომუნიკაცია. დღეს მთავარია რესურსი მოხმარდეს „ომიკრონის“ მართვას, რადგან ეს 2-3-კვირიანი პიკური პერიოდი გავიაროთ ისე, რომ პაციენტებს ყურადღება არ მოაკლდეს.

გეგმიური ამბულატორია თუ კი იძლევა გადავადების შესაძლებლობას ეს შეიძლება სადაზღვევო სქემის ფარგლებში განისაზღვროს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.