მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საელჩო: დამოუკიდებელი სასამართლო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოსაზიდად

5f9c224f87ddd
ინგა მურუსიძე
30.10.20 18:25
874
"დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოსაზიდად", - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც საელჩო დღეს, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის გამართვას ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიების არჩევნების წინ გამართვით იმედგაცრუებულია.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება:

„გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება, ისეთი როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება, უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ და საკმარისი დროის დათმობით, კონსულტაციებისა და კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის ჩართულობისთვის.

ამ პროცესის დაჩქარება შეიცავს რისკს შეირყეს საზოგადოების ნდობა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის, კანდიდატებისა და მოსამართლეების კონფერენციის მიმართ.

დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო სისტემა, რომელსაც ხალხი ენდობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართლიანი და თანაბარი [ეკონომიკური] ზრდის ხელშესაწყობად, აგრეთვე, ქართული და უცხოური ბიზნესის მიერ ინვესტიციების მოსაზიდად.

აუცილებელია, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ყველა ძირითად თანამდებობაზე შეარჩიოს გამოცდილი, პროფესიონალი და დამოუკიდებელი კანდიდატები, ასევე, მომავალში შერჩევის პროცესის უფრო მეტი გააზრებითა და შორსმჭვრეტელობით წარმართვა უზრუნველყოს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის: დღეს მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენცია ტარდება, რის ფარგლებშიც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 მოსამართლე წევრი, მათ შორის, საბჭოს მდივანიც უნდა აირჩიონ. აღნიშნულის საჭიროება მას შემდეგ დადგა, როცა 2020 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩია. კანონმდებლობის შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და წევრის თანამდებობა დატოვა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში თანამდებობა ასევე დატოვა რევაზ ნადარაიამ.