07.მარტი .2020 18:00

საელჩოს 95-მა მოქალაქემ მიმართა იტალიიდან საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით

views 366
უკან

იტალიასთან ფრენების შეჩერების შემდეგ საელჩოს საქართველოს 95-მა მოქალაქემ მიმართა, ქვეყანაში დაბრუნების მოთხოვნით,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეებს შეუძლიათ სპეციალურ მეილზე გაგზავნონ საქართველოში დაბრუნების მოთხოვნა შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად.

“ჩვენი საელჩო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იქაურ ქართველებთან. არსებობდა ცხელი ხაზი, რომელსაც გუშიდინელი გადაწყვეტილების შემდეგ(ფრენების შეწყვეტა) დაემატა კიდევ რამდენიმე ცხელი ხაზი.

მოხდა სპეციალური ელექტრონული ფოსტის შექმნა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ჰქონდათ ბილეთები შეძენილი, ან ჰქონდათ ჯავშნები, უნდა მიმართონ საქართველოს საელჩოს რომში, რათა მოხდეს ყველა ამ პირის იდენტიფიცირება და შესაბამისად, მოხდეს ამ ადამიანების საქართველოში დაბრუნება. დაბრუნება მოხდება თვითმფრინავით, დიდი ალბათობით ქალაქი რომიდან, ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, აეროპორტების გაერთიანებასთან, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს თვითმფრინავის გაგზავნა, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩამოვიყვანოთ. დღევანდელი მდგომარეობით, გვყავს 95 ადამიანი, რომელმაც წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია ელექტრონულ ფოსტაზე. 95-ვე ადამიანს საელჩოს თანამშრომლები ესაუბრნენ. მათ წამოყვანას ვგეგმავთ უახლოეს მომავალში”,- აცხადებს მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება ფრენების გაუქმების შესახებ, რადგანაც იტალია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში.