მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი ხუთწლიან მაქსიმუმზეა

5fc0e09d8786f
შოთა ტყეშელაშვილი
27.11.20 17:52
1498
საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასმა 2014 წლის მაქსიმუმს გაააჭარბა. საფონდო ბირჟაზე ამჟამად ერთი ტონა ხორბლის ფიუჩერსი $211.7 დოლარად ივაჭრება. წლიურ ჭრილში ხორბლის ფასების მატება 14%-ია. 

გლობალურ ბაზარზე ხორბლის რეკორდულად მაღალი ფასები 2008 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთი ტონის ღირებულება $284 დოლარს მიაღწია. ასევე, მაღალი იყო ხორბლის ფასები 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში. 

ხორბალსა და სხვა მარცვლეულზე - სოიოსა და სიმინდზე ფასების მატება აშშ-ში მარცვლეულის მარაგების მოსალოდნელზე მეტად შემცირებით არის განპირობებული. ამ კლების მიზეზი კი მიმდინარე სეზონზე აშშ-ში მოსავლისთვის არახელსაყრელად მშრალი ამინდი გახდა. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ 30 სექტემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში არსებული ხორბლის რეზერვები წლიურად 8%-ით იყო შემცირებული. სიმინდის მარაგების შემცირება 10%-ის ტოლი იყო, სოიოს მარაგების კლება კი 42%-ს შეადგენდა.

დღესვე საქართველოში ხორბლის გაძვირების გამო, პურ-პროდუქტების ფასების მოსალოდნელი ზრდის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ და მთავრობას ამ მიმართულებით სტიმულირების მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდა. მოგვიანებით კი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშილმა მედიას ხელისუფლების გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმად, ფქვილის ფასი ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარით დასუბსიდირდება.