01.აპრილი .2023 22:14

„საერთაშორისო ბაზრიდან შეფუთულ ზამბარებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა“ - Royal Georgia

„საერთაშორისო ბაზრიდან შეფუთულ ზამბარებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა“ - Royal Georgia
views 719
უკან

მატრასების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიის „როიალ ჯორჯიას“ წარმოებულ შეფუთულ ზამბარებზე საერთაშორისო ბაზრიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა თეა მაისურაძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„ზამბარების შესაფუთი დანადგარი ზამბარების სწაფად წარმოების შესაძლებლობას გვაძლევს, ასევე ჩვენი მანქანებით პროდუქციის მიწოდებასაც ვახორციელებთ. შესაბამისად, თურქეთის სასტუმროებისგან ძალიან დიდი დაინტერესება და შეკვეთები მოგვდის, როგორც შეფუთულ ზამბარებზე, ისე მატრასებზე. საერთაშორისო ბაზრიდან, ძირითადად, ყველაზე დიდი მოთხოვნა შეფუთულ ზამბარებზეა“, - განმარტა დამფუძნებელმა.

თეა მაისურაძე აღნიშნავს, რომ „როიალ ჯორჯიას“ აქტიურად გააქვს პროდუქცია თურქეთში, აზერბაიჯანში და ამერიკაში, გარდა ამისა, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს გერმანიასთანაც.

„გერმანიასთან მოლაპარაკებებს პანდემიამდეც ვაწარმოებდით. ცხადია, კოვიდმა ამ მოლაპარაკებებს ხელი შეუშალა, მაგრამ ახლა აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა გერმანელ ინვესტორებთან და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“, - აღნიშნა მან.

ამასთან, პანდემიაზე საუბრისას, დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანიას პანდემიის პერიოდში ჩავარდნა არ ჰქონია.

„პანდემიის შემდეგ, 6-7 თვე, შეკვეთები იმდენი გვქონდა, რომ ჩავარდა არ გვქონია, 7 თვის მანძილზე 500-მდე შეკვეთა მივიღეთ, რაც ძალიან ბევრი იყო, მიუხედავად ამისა, ჩვენს ქარხანას საშუალება აქვს დღეში 200 მატრასი აწარმოოს, გვყავს ორი გუნდი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს, შესაბამისად, დამკვეთებს მოკლე ვადაში ვაწვდით პროდუქციას“,- დასძინა მან.

ცნობისთვის, „როიალ ჯორჯია“ ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა, კომპანია მომხმარებელს ორთოპედიულ მატრასებს, ბალიშებს და ლეიბებს სთავაზობს. საწარმო ლილოში, თიკანაძის ქუჩაზე მდებარეობს, საწარმოო რესურსი დღეში 200-მდე მატრასია და კომპანია 100-მდე ადამიანს ასაქმებს. მატრასების ღირებულება ზომისა და შემადგენლობის მიხედვით, - 300-დან 2 000 ლარამდე იცვლება, კომპანიას მატრასებისთვის საჭირო ნედლეული თურქეთიდან შემოაქვს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა