მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა

62fa3f68ef178
გიორგი თოლორდავა
15.08.22 16:47
5103
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასების ვარდნის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - 24 საათში ბარელი WTI Crude-ის ღირებულება 5%-ით, 87-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა, ხოლო Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 93 დოლარამდეა შემცირებული.

ფასების ვარდნა პირდაპირ კავშირშია ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გასაჯაროებულ მონაცემებთან და ცენტრალური ბანკის მოულოდნელ გადაწყვეტილებასთან.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ თვეს ჩინეთის საცალო ვაჭრობის სექტორი მხოლოდ 2.7%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პროგნოზირებულ 5.0%-იან მაჩვენებელს.
იმედგამაცრუებელი შედეგებია ინდუსტრიულ წარმოებასთან მიმართებითაც - აღნიშნულ სექტორში ზრდის მაჩვენებელმა 3.8% შეადგინა, რაც აგრეთვე პროგნოზირებულზე უარესი შედეგია.

ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების საპასუხოდ, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და მონეტარული პოლიტიკა შეამსუბუქა - მოკლე და საშუალოვადიანი საპროცენტო განაკვეთები 10 საბაზო პუნქტით შემცირდა.

ინვესტორები და ტრეიდერები შიშობენ, რომ ჩინეთის ეკონომიკა პროგნოზირებული მაჩვენებლით აღდგენას და ზრდას ვერ შეძლებს. გარდა ამისა, აზიის მასშტაბით ისევ გამოწვევად რჩება კოვიდ-19 და ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიერ გატარებული „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკა, რომელიც უმსხვილეს ქალაქებში მკაცრი რეგულაციებისა და ლოკდაუნების დაწესებას ითვალისწინებს.

საქმე იმაშია, რომ ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია, მისი ეკონომიკის შეზღუდვა და შენელება კი მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგორესურსებზე მოთხოვნას, რაც ფასებზე ნეგატიურ ზეწოლას ახდენს.

აღსანიშნავია, რომ დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნება არა მარტო მიმდინარე, არამედ სამომავლო, ფიუჩერსულ კონტრაქტებთან მიმართებითაც.

გთავაზობთ ბარელი ნავთობის ფიუჩერსების ფასებს თვეების მიხედვით:

2022 წლის ოქტომბერი - $86
2022 წლის ნოემბერი - $86
2022 წლის დეკემბერი - $85
2023 წლის იანვარი - $85
2023 წლის თებერვალი - $84
2023 წლის მარტი - $83
2023 წლის აპრილი - $83
2023 წლის მაისი - $82