16.სექტემბერი .2020 22:37

საერთაშორისო მოგზაურობა 2021 წლის I ნახევრიდან აღდგება, ბიზნეს მოგზაურობა კი შედარებით გვიან – თიბისი კაპიტალი

views 294
უკან

საბაზო სცენარის მიხედვით, ტურიზმიდან შემოსავლების წ/წ 83%-იანი ვარდნაა ნავარაუდევი, რაც, 2020 წლის დარჩენილ პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან ფაქტობრივად ნულოვან შემოსავალს ნიშნავს. ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ეფექტური ვაქცინის ფართოდ გამოყენება, რაც 2021 წლის პირველი ნახევრისთვისაა ნაგულისხმევი, საერთაშორისო მოგზაურობის თანდათანობით აღდგენას განაპირობებს. ამასთან, გაუმჯობესებული სამომხმარებლო სენტიმენტები და დასვენებაზე გადადებული მოთხოვნა ტურიზმის შედარებით სწრაფ აღდგენას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება ბიზნეს მოგზაურობას, თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ასეთი მოგზაურობა შედარებით გვიან აღდგება, რადგან რეგულარული ვიდეო-კონფერეციები ეფექტურად ანაცვლებს პირად შეხვედრებს და კომპანიები სამივლინებო ხარჯებს ამცირებენ.

„საქართველოს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების დაახლოებით ნახევარი რეგიონის ქვეყნებზე მოდის, ამასთან, მნიშვნელოვნად მაღალი წილი აქვს განმეორებით ვიზიტებს და შედარებით დაბალი - ბიზნეს და შორი მანძილიდან მოგზაურობას.
2019 წელს საქართველოს ტურისტულმა ინდუსტრიამ მდგრადობა და ზრდის ძლიერი პოტენციალი გამოავლინა, რაც, მიუხედავად რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვისა, პანდემიამდე სექტორის დაახლ. 20%-იანი ზრდით დასტურდება“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

ამასთან, თიბისი კაპიტალის მიხედვით, ტურიზმის მნიშვნელოვანი აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტლიდანაა მოსალოდნელი.