14.ივლისი .2020 20:00

საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის საკითხს სკეპტიკურად ვუყურებთ - ია თაბაგარი

views 465
უკან

საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებთ საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის საკითხს; ვიმედოვნებთ, მცირე ძვრები სექტემბრიდან იქნება, - ამის შესახებ BM.GE-ის სიღნაღში, სოფელ ქედელში არსებული ტურისტული კომპლესLost Ridge Inn, Brewery & Ranch-ის დამფუძნებელმა ია თაბაგარმა განუცხადა.

მისი თქმით, პანდემიამდე მათი სტუმროების 85%-ს ევროპისა და აშშ-დან ჩამოსული ტურისტები შეადგენდნენ.

„საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით მოთხოვნა ისევ არის, თუმცა ცხადია, შემცირებულია და კომუნიკაციაც ძირითადად შემოდგომას ან 2021 წლის სეზონს უკავშირდება. საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებთ საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის საკითხს; ვიმედოვნებთ, მცირე ძვრები სექტემბრიდან იქნება, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ინდუსტრია ძველ ნიშნულს მხოლოდ 2022-2023 წელს დაუბრუნდება“, - აცხადებს ია თაბაგარი.

მისი თქმით, შიდა ტურიზმის ამოქმედების მიუხედავად, სასტუმრო კომპლექსის დატვირთვა დაბალია და ის ძირითადად შაბათ-კვირაზე მოდის. ამბობს, რომ მდგომარეობიდან გამომდინარე, სერვისის ღირებულება 60%-ით შეამცირეს.

„შიდა ტურიზმის გახსნის შემდეგ საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა, თუმცა ამჟამად მთელი დატვირთვა კვირის უქმე დღეებზე მოდის, საკმაოდ თავისუფალია სამუშაო დღეები, რომელიც სხვა შემთხვევებში წამყვანი ადგილობრივი ტურისტული კომპანიების თუ დამოუკიდებელი მოგზაურების ჯავშნებით ივსებოდა. ჩვეულ დროს, დატვირთული სეზონი სრულიად საკმარისი იყო ხოლმე შედარებით ნაკლებად დატვირთული ზამთრისთვის მოსამზადებლად, თუმცა ახლანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობთ, საკმაოდ რთული წელი გველის.

აქედან გამომდინარე, ცხადია, ფასებიც გადაიხედა და ჯამში, დაახლოებით, 60%-მდე შევამცირეთ, დღეს ოთახის ღირებულება კატეგორიების მიხედვით, 100-200 ლარამდე მერყეობს, საუზმისა და დღგ-ის ჩათვლით.

ჩვენ რეგულარულად გვსტუმრობენ საქართველოში მცხოვრები უცხოელები, მაგრამ შედარებით ნაკლები პოპულარობით ვსარგებლობდით ქართველ მომხმარებლებში, საბედნიეროდ, პანდემიამ ბევრს უბიძგა აღმოაჩინოს ახალი ადგილები, მათ შორის გაიზარდა მოთხოვნა ჩვენი მიმართულების მქონე საინტერესო, განსხვავებულ და ავთენტურ ობიექტებზე“, - აღნიშნავს Lost Ridge Inn, Brewery & Ranch-ის დამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა