მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესები იცვლება - კანონპროექტი

61a4e2ba592bf
ინგა მურუსიძე
29.11.21 22:43
5502
საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემის პროცესის მოწესრიგების მიზნით, კანონში ცვლილებები შედის.

საქმე ეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებულ პროექტს, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტში დაგეგმილი ცვლილებები დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა წარადგინა.

„პრობლემა ეხება იმას, რომ სატრანსპორტო სააგენტოში დღემდე არ არსებობს ნებართვების გაცემის ან მასზე უარის თქმის წესი, რაც სამართლიან ნეგატიურ განწყობას იწვევს გადამზიდავებში. წლის დასაწყისში, იმისდა მიუხედავად, როგორი გეგმა აქვს გადამზიდავს, ხდება გაცემა ნებართვების, რომელიც შემდგომ წლის ბოლოს იწვევს ნებართვების დეფიციტს. თავის მხრივ, კომპანიები, რომლებიც ვერ იყენებენ ნებართვებს, ყიდიან მას და ჩნდება ე.წ. შავი ბაზარი.

გვინდა, რომ კანონში გაჩნდეს ჩანაწერი და დარეგულირდეს ნებართვების გაცემის და მასზე უარის თქმის წესი. ამ წესს კი თავის მხრივ შეადგენს და დაარეგულირებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, რომელსაც ჩვენ მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით, ნორმატიულ აქტის გამოცემის უფლება უნდა მიეცეს. ახლა ამ ნორმატიულ აქტს ეკონომიკის სამინისტრო გასცემს“, - განაცხადა გურამიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ დარეგულირდება ნებართვების გაცემის საკითხი და შესაძლებელია, თუ არა კანონში პირდაპირ ნებართვის გაცემის წესი გაიწეროს, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ დღეს არანაირი წესი არ არსებობს და სავარაუდოდ, ვერც იარსებებს, რადგან ეს საბაზრო პრინციპებს ეწინააღმდეგება და წესი უნდა იყოს მოქნილი, რათა მოერგოს სხვა ქვეყნების მიდგომებს, რომლებიც ასევე ცვალებადია.

„დღეს არანაირი წესი არ არსებობს ამაზე და პირველ რიგში რაც მოვიფიქრეთ და რასაც ვგეგმავთ, არის, რომ წესი შევიმუშაოთ, რომელიც შემდეგ პრინციპს დაეყრდნობა: როცა გადამზიდავი აცხადებს, რომ აქვს რამდენიმე ტონა ტვირთი, ხოლო გზავნილი ერთი მანქანის, ჩვენ მექანიზმი უნდა შევიმუშაოთ იმის, რომ გადავამოწმოთ, ეს ნამდვილად ასეა თუ არა. პრინციპი იქნება ასეთი - როცა გადამზიდავი კომპანია ფლობს X-რაოდენობის მანქანებს, იმდენი ნებართვა აუცილებლად უნდა გავცეთ მასზე, ხოლო როცა გახარჯავს ამ ნებართვებს, მოვა ჩვენთან და იტყვის, რომ კიდევ უნდა დამატებითი ნებართვები, ისინი უნდა გავცეთ“, - განაცხადა გურამიშვილმა.

კანონპროექტი პირველი მოსმენით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა.