მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საერთაშორისო სანქციებზე დამორჩილება „ვითიბი ბანაკთან“ დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება იყო “ – პაპუნა ლეჟავა

64732f98c69dd
ალა ისპირიანი
28.05.23 14:35
751
“ვითიბი ბანკი”, გასული წლის თებერვლიდან აშშ-ის ხაზინის სანქცირებულთა სიაშია. შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო ბანკს, აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და სხვა მოკავშირეებმა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებს სანქციები დაუწესეს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული სანქციები გაიზიარა და განცხადება გაავრცელა, რომ იგი დაწესებული ფინანსური სანქციების გათვალისწინებით მოქმედებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–ში განაცხადა, რომ მათი მხრიდან ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.

„ჩვენი შეფასებით ეს ყველაზე სწორი არჩევანი იყო, რაც დანარჩენ საფინანსო სექტორს რისკებს დაუზღვევდა, რომ შეიძლება გარკვეულწილად სანქციების დარღვევა ან ეჭვის მიტანა სანქციების გვერდის ავლით ხდებოდეს. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ პირველივე დღეებში მიუთითეთ ბანკებს და საფინანსო სექტორს რომ სანქციები დაეცვათ და მათ შორის ესეც მოიცავდა „ვითიბი ბანაკთან ტრანზაქციების გაწყვეტას, რადგან თავად „ვითიბი ბანკი“ აღმოჩნდა სანქციების ქვეშ და შემდეგ, წლის განმავლობაში „ვითიბი ბანკს“ შეეზღუდა სხვადასხვა ტიპის ოპერაციები და დღეს ის იზოლირებულია დანარჩენი საფინანსო სექტორისგან“, - განაცხადა მან.

სებ–ის ვიცე–პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სექტორის ნაწილია და დამოუკიდებლად, მისი ფუნქციონირება შეუძლებელია.

„აქედან გამომდინარე , როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები დააანონსეს, ჩვენ მეორე დღესვე მივუთითეთ საფინანსო სექტორს, რომ დაეცვათ ეს სანქციები – უთხრა პაპუნა ლეჟავამ „ანალიტიკა“–ს – ამ სანქციების დაცვა აუცილებელია, რათა ჩვენი საფინანსო სექტორი იყოს გლობალური საფინანსო სექტორის ნაწილი, თანამშრომლობდეს გლობალურ ბანკებთან, ხდებოდეს გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში, ვაჭრობა და ა.შ. ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი, როდესაც სანქციებს ვუერთდებოდით“.

„ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის დაზუსტებაზე – სანქციებთან მიერთების გადაწყვეტილება მხოლოდ პრაგმატული გათვლა იყო თუ ამავდროულად მორალური გადაწყვეტილებაც, რადგან რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე, სწორია, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს შეუერთდეს – პაპუნა ლეჟავამ თქვა, რომ ეროვნული ბანკი აპოლიტიკური ორგანიზაციაა. „ჩვენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილებაც იყო წმინდად ფინანსურ სტაბილურობაზე ორიენტირებული“, - თქვა მან.