08.სექტემბერი .2020 13:06

საერთო სამუშაო სივრცე Terminal მზად არის, დისტანციური მუშაობისთვის 250-ვე უცხოელი მიიღოს და განათავსოს

views 749
უკან

საერთო სამუშაო სივრცეების ქსელი Terminal - ი პრემიერ მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც დისტანციური მუშაობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლას სთავაზობს. Terminal - ის დირექტორის ჯინო დოლინის განცხადებით, მზად არიან, ამ ინიციატივის განხორციელებაში მხარი დაუჭირონ მთავრობას და ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ყველა საჭირო პირობა შესთავაზონ პროდუქტიული მუშაობისთვის.

„პანდემიის გამო ბევრი უცხოური კომპანია თუ ფრილანსერი ცდილობს დროებით გადაინაცვლოს მწვანე ზონად წოდებულ ქვეყნებში და უსაფრთხო გარემოდან განახორციელოს თავისი საქმიანობა. ამ მოთხოვნით ჩვენც არაერთი უცხოელი დაგვიკავშირდა, რადგან Terminal -ი არის სივრცე, სადაც კომპანიას თუ ჯგუფს შეუძლია ნებისმიერი ვადით იქირაოს ოფისი ან სამუშაო სივრცე, სადაც დახვდებათ ყველა პირობა მუშაობისთვის: საოფისე ავეჯი, სწრაფი ინტერნეტი, დალაგების სერვისი, 24 საათიანი მიმღები, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების ოთახები ონლაინ თათბირებისთვის თუ სხვა ნებისმიერი რამ“, - აცხადებს ჯინო დოლინი.

Terminal - ს თბილისში უკვე 5 ფილიალი აქვს, მთაწმინდაზე, ვაკეში, საბურთალოზე და ჩუღურეთში. 5-ვე ფილიალში საერთო სამუშაო სივრცეში ადგილების რაოდენობა არის - 821, ინდივიდუალური ოფისი - 53, შეხვედრებისა და საკონფერენციო ოთახები - 19.

„ამ მოცულობით რეგიონში ყველაზე დიდი ქოვორქინგ სივრცე ვართ, ამიტომ თავისუფლად შევძლებთ განვათავსოთ 250 და მეტი უცხოელიც და გაგვაჩნია რესურსი სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვით მოვემსახუროთ მათ“, - აცხადებს Terminal - ის დირექტორი.

მისი თქმით, მსგავსი გამოცდილება Terminal- ს უკვე 5 წელია აქვს, ამ დროისთვის მათი სივრცეებით სარგებლობს 40-მდე ექსპატი, მათ შორის კორეა, იაპონია, ლიტვა, რუმინეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია, რუსეთი, ირანი, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები.

„ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, შევხვდეთ პროექტის კოორდინატორებს ეკონომიკის სამინისტროდან და მათთან ერთად განვიხილოთ, არა მხოლოდ ხარისხიანი მომსახურების საკითხები, არამედ შევთავაზოთ სპეციალური ფასები, რაც უფრო მიმზიდველს გახდის ამ ინიციატივას“,- აცხადებენ ტერმინალში.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სპეციალური რეჟიმით შემოსვლის შესახებ. აღნიშნული პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მოამზადა და გათვლილია იმ უცხოელებზე, რომლებიც არიან ფრილანსერები (თვითდასაქმებულები); მუშაობენ დისტანციურად ან შეუძლიათ, საკუთარი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა