მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა

62e1550ad08d9
BM.GE
27.07.22 19:20
1033
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმების დეპარტამენტის უფროს გიორგი გურგენიძის განმარტებით, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფინანსური ინსტრუმენტების დივერსიფიკაცია და სწორედ, ამ მიზნის მისაღწევად და კომერციული ბანკების დაფინანსების მხარდასაჭერად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, აღნიშნული კანონპროექტი შეიმუშავა.

"თავისი არსით, იპოთეკით დაცული ობლიგაცია (Covered Bond) წარმოადგენს უზრუნველყოფილ სასესხო ფასიან ქაღალდს, რომელიც გამოშვებულია საკრედიტო ინსტიტუტების - კომერციული ბანკების მიერ და რომლის საშუალებითაც ობლიგაციის მესაკუთრეს ენიჭება ბანკის იპოთეკური სასესხო აქტივებიდან საკუთარი მოთხოვნის უპირატესად დაკმაყოფილების უფლება, ანუ სასესხო ფასიანი ქაღალდი უზრუნველყოფილია საბანკო იპოთეკური სესხებით. ასეთი ტიპის ინსტრუმენტი დღეს ბაზარზე არ არსებობს და შესაბამისად, არც საკანონმდებლო რეჟიმი ითვალისწინებს მათ მოწესრიგებას და ამ ინსტრუმენტების გამოშვებას", - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი განმარტებით, კანონის ძალით უზრუნველყოფილი აქტივები ბანკის სხვა აქტივებისგან იმიჯნება და მათზე იძულებით აღსასრულებლად მიქცევაც მხოლოდ ობლიგაციონერების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იქნება შესაძლებელი.

"ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი ობლიგაცია მაქსიმალურად დაიცავს ინვესტორის ინტერესებს. მეორე მხრივ, კომერციულ ბანკს მისცემს წვდომას ალტერნატიულ-ლიკვიდურ სახსრებზე“, - განაცხადა გიორგი გურგენიძემ.

მისი თქმით, იპოთეკით დაცული ობლიგაცია, როგორც ფასიანი ქაღალდი უფრო ლიკვიდურია სხვა პროდუქტებთან შედარებით, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ინვესტორთა ინტერესს ზრდის.

მისივე განმარტებით, იპოთეკური ობლიგაციის მფლობელს, როგორც კრედიტორს, აქვს განსაზღვრული აქტებიდან თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ემიტენტის, კომერციული ბანკის სხვა კრედიტორებთან შედარებით.

პროექტის თანახმად, იკრძალება აღნიშნული აქტივების დაყადაღება და მათ მიმართ აღსრულება სხვა პირთა (გარდა იპოთეკური ობლიგაციის მფლობელების) სასარგებლოდ.

"უპირატესი დაკმაყოფილების უფლება იპოთეკური ობლიგაციის მფლობელს წარმოეშვება კანონის ძალით მასა და ემიტენტს შორის გირავნობის ან მსგავსი სხვა შინაარსის ხელშეკრულების დადების საჭიროების გარეშე. უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების შემავალი აქტივები აღირიცხება უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, კანონპროექტი ადგენს იმ მინიმალურ სავალდებულო ხარისხობრივ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აქტივი, რათა იგი შეტანილი იქნას ამ უზრუნველყოფის აქტების გაერთიანებაში. მომხსენებლის ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რითიც იპოთეკური ობლიგაცია სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდებისგან განსხვავდება, იმაში მდგომარეობს, რომ ემიტენტის მიმართ გადახდისუუნარობის ლიკვიდაციის ან რეზოლუციის პროცესის დაწყებისას, იპოთეკური ობლიგაციის მფლობელს არ აქვს უფლება მოითხოვოს ემიტენტისგან ვალდებულების დაუყოვნებლივი შესრულება, ვიდრე ემიტენტი განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში გადახდებს მფლობელთა სასარგებლოდ.

მისივე განმარტებით, ემიტენტის ლიკვიდაციის პროცედურის დაწყების შემდეგ, ხდება იპოთეკური ობლიგაციის პროგრამის განცალკევება. როგორც მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეროვნული ბანკი აღნიშნულ პროექტზე დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობდა.

მისივე ინფორმაციით, კანონპროექტში ასახულია ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც საკითხის საპარლამენტო კომიტეტებში განხილვისას იყო გამოთქმული.

„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონპროექტის მიღებით, ფინანსურ ბაზარზე გაჩნდება ახალი პროდუქტი, რომელიც დამატებითი ლიკვიდური ინსტრუმენტი იქნება დაფინანსების მოსაპოვებლად“, - განაცხადა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, საკრედიტო ინსტიტუტების მიერ ასეთი ობლიგაციების გამოშვება კომერციული ბანკების დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროდ და დაკრედიტების ხელშემწყობ ფაქტორად განიხილება.

„დეპოზიტებისა და სახსრების მოზიდვის სხვა ალტერნატიული წყაროების პარალელურად, იპოთეკური ობლიგაციების ემისია საკრედიტო ინსტიტუტებისათვის შეიძლება იქცეს იაფ და სტაბილურ დაფინანსებაზე წვდომის ერთ-ერთ საშუალებად, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

გარდა ამისა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იპოთეკური ობლიგაცია შეიძლება განვიხილოთ მაღალი საიმედოობისა და დაცულობის ინსტრუმენტად.

კომიტეტის წევრებმა, სხდომაზე განხილული კანონპროექტთა პაკეტის პლენარულ სხდომაზე წარდგენას მხარი დაუჭირეს.