მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟების ვარდნის ფონზე, ენერგეტიკული კომპანიების აქციები იზრდება

627d2298b984d
გიორგი თოლორდავა
12.05.22 19:21
2813
ამერიკულ საფონდო ბირჟებზე დაღმასვლის ტენდენცია გრძელდება - გასულ 24 საათში S&P 500-ის ღირებულება 1.65%-ით შემცირდა; Dow Jones-ის ინდექსი 1.02%-ით დაეცა; ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ის ინდექსის ღირებულება კი 3.18%-ით არის შემცირებული.

მიუხედავად ზოგადი ბირჟების ვარდნისა და ბაზარზე არსებული ნეგატიური სენტიმენტისა, გასულ 24 საათში რამდენიმე კომპანიას მაინც ჰქონდა გამორჩეული შედეგები.

ვიდეო-თამაშების მწარმოებელი კომპანიის Electronic Arts-ის აქციები თითქმის 8%-ით გაიზარდა, რაც EA-ს დადებით კვარტალურ შედეგებს და ინვესტორთა პოზიტიურ მოლოდინებს უკავშირდება.

7.8%-ით გაიზარდა უძრავი ქონების ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის Duke Realty-ს აქციების ღირებულება.

თამბაქოს ბაზრის გლობალური ლიდერის Philip Morris-ის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 4.8%-ითაა გაზრდილი.

საერთო ჯამში, როგორც მიმდინარე კვარტალში, ასევე გასულ 24 საათში ყველაზე გამორჩეული და სტაბილური შედეგები ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილ კომპანიებს აქვთ, რაც მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების გაძვირებითაა გამოწვეული.

Baker Hughes-ის აქციები 5.4%-ითაა გაზრდილი; Hess Corporation-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3.7%-ით მოიმატა; 3.2%-ითაა გაზრდილი Marathon Oil-ის ღირებულება; Mosaic-ის აქციები 3.2%-ით გაიზარდა; ხოლო Chevron-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.5%-ით არის გაზრდილი.

ინვესტორების შეფასებით, ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის შეზღუდვა ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს, რაც ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილი ამერიკული კომპანიებისთვის პოტენციურად მომგებიან შესაძლებლობებს ქმნის.

ბოლო პერიოდში ამერიკულ საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრად ვარდნის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდაა. 

ინვესტორები შიშობენ, რომ ინფლაციის მოსათოკად ფედერალური რეზერვი კიდევ უფრო მეტად გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურად იმოქმედებს კაპიტალის ბაზარზე, რადგან შედარებით სპეკულაციურ აქტივებზე მოთხოვნა შემცირდება, რისკის პრემია კი გაიზრდება. გარდა ამისა, FED-ს მოუწევს საკმაოდ რთული ბალანსის დაცვა, რათა ინფლაციის კონტროლის ფონზე ზედმეტად არ შეიზღუდოს ეკონომიკა და ქვეყანა სტაგნაციურ, ან კიდევ უფრო უარეს - სტაგფლაციურ მდგომარეობაში არ გადავიდეს.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე სავაჭრო კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სტატისტიკის სამსახურის მიერ აპრილის თვეში დაფიქსირებული წლიური ინფლაციის მაჩვენებლის გამოქვეყნებაა. სააგენტოს ინფორმაციით, აპრილის თვეში აშშ-ში ინფლაციის დონემ 8.3% შეადგინა, რაც გასული თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, თუმცა აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზებს - როგორ მიიღებენ ამ სიახლეს ინვესტორები, ამას მხოლოდ მიმდინარე სავაჭრო კვირის დასრულების შემდეგ გავიგებთ.

საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.