მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟებზე ენერგეტიკული კომპანიების აქციები ისევ იზრდება

62839f00d432b
გიორგი თოლორდავა
17.05.22 17:46
1963
საფონდო ბირჟების დაღმასვლის ტენდენცია მიმდინარე კვირაშიც გრძელდება: გასულ 24 საათში აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ინდექსი (S&P 500) 0.39%-ით შემცირდა; ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ის ინდექსის ღირებულება 1.20%-ით არის შემცირებული; ხოლო Dow Jones-მა უმნიშვნელოდ, 0.08%-ით მოიმატა.

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, სტაბილურად იმატებს ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილი უმსხვილესი კომპანიების ღირებულება.

გასულ 24 საათში Occidental Petroleum-ის აქციები 5.7%-ით გაიზარდა; NRG Energy-ს საბაზრო ღირებულება 4.2%-ით არის გაზრდილი; Marathon Oil-ის აქციების ფასმა 3.6%-ით მოიმატა; Constellation-ის ღირებულება 3.6%-ით გაიზარდა; 3.4%-ითაა გაზრდილი Schlumberger-ის აქციები; Devon Energy-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ დღეში 3.3%-ით გაიზარდა; ხოლო აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანიის Chevron-ის აქციების ფასი 3.1%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ ერთ დღეში ნედლი ნავთობის ფასები, დაახლოებით, 3.5%-ით გაიზარდა, რაც ჩინეთის მასშტაბით კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების კლებასთან და ლოკდაუნების გაუქმებასთანაა დაკავშირებული. ანალიტიკოსების ვარაუდით, ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის, მობილობის და საწვავზე მოთხოვნის აღდგენა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდას გამოიწვევს.

2022 წელს დაფიქსირებული ენერგოპროდუქტების ფასების აღმასვლის ძლიერი ტენდენციით ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ ამ სექტორში წარმოდგენილი კომპანიები იღებენ, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი საუდის არაბეთის უმსხვილესი ენერგოკომპანიის, Saudi Aramco-ს წარმატებაა, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციით Apple-ს გადაუსწრო და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის პოზიცია დაიკავა. გარდა ამისა, Aramco-მ პირველ კვარტალში რეკორდული შემოსავლისა და მოგების მიღება შეძლო, რაც აჩენს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ენერგეტიკა მიმდინარე წლის ყველაზე მომგებიანი სექტორი იქნება.

ზემოხსენებული ორგანიზაციების გარდა, გასულ 24 საათში ინვესტორთა ყურადღების ცენტრში შემდეგი მსხვილი კომპანიებიც მოექცნენ: Seagen (+5.1%); Precipio (+3.9%); Vertex (+3.0%); Merck & Co (+2.1%); AstraZeneca (+2.2%).

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირასაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი სოციალური პლატფორმა Twitter-ია. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ის $44 მილიარდ დოლარად შეძენის გარიგება დროებით შეაჩერა. მასკის განცხადებით, ის არ არის დარწმუნებული Twitter-ის გუნდის მიერ წარმოდგენილი მონაცემების სიზუსტეში და ვარაუდობს, რომ სოციალური ქსელის არაავთენტური მომხმარებლების (ბოტები, ტროლები) რაოდენობა 5%-იან ნიშნულს მნიშვნელოვნად აჭარბებს და, შესაძლოა, 20%-საც კი აღწევდეს.

ნეგატიური ამბის გავრცელებას საფონდო ბირჟაზე Twitter-ის აქციების 8.2%-ით შემცირება მოჰყვა. ამჟამად სოციალური ქსელის საბაზრო კაპიტალიზაცია 28.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის $15 მილიარდით ნაკლებია მასკის მიერ შეთავაზებულ $44-მილიარდიან ფასზე.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.