მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი, საბერძნეთი და ესპანეთი დელტა შტამის გამო დამატებით რეგულაციებს აწესებენ

60ed8f3f6e632
ნათია თაქთაქიშვილი
13.07.21 20:30
1225
საფრანგეთი, საბერძნეთი და ესპანეთი დელტა შტამის გამო ახალ რეგულაციებს აწესებენ, რომლის მიზანიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება ევროპაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას და „ღამის ცხოვრების“ გააქტიურებას უკავშირდება.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე აგვისტოდან საფრანგეთის მოსახლეობა „ვაქცინაციის სერტიფიკატის“ გარეშე ვერ შეძლებს ეწვიოს კაფე-ბარებს, რესტორნებს, სავაჭრო ცენტრებს.

„თუ ჩვენ დროულად არ ვიმოქმედებთ, ინფიცირების შემთხვევები ზრდას განაგრძობს, რაც კანონზომიერად გაზრდის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს აგვისტოდან“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის მსგავსი განცხადება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმაც გააკეთა, რომლის თქმით, ვაქცინაცია სავალდებულო მოხუცთა თავშესაფრისა და ჯანდაცვის მუშაკებისთვის გახდება. საბერძნეთის პრემიერის განცხადებით, მხოლოდ აცრილი მოსახლეობა შეძლებს ისარგებლოს ბარებით და კინო-თეატრებით.

„ქვეყანაში ახალი ლოქდაუნი არ გამოცხადდება, რადგან საფრთხეში მთლიანად საბერძნეთი კი არ არის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ის ნაწილია, ვინც აცრას არ იკეთებს“, - განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.

ესპანეთის ჯანდაცვის ხელმძღვანელის ფერნანდო სიმონის თქმით, ქვეყანაში ბოლო 2 კვირა კორონავირუსის შემთხვევები ზრდას განაგრძობს, შესაბამისად დამატებითი რეგულაციები კატალონიასა და ვალენსიაში გამოცხადდა, სადაც გასართობი დაწესებულებები დახურულია, სოციალური თავშეყრები კი აკრძალული.