მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი ქართველების საფრანგეთში დასაქმების პროგრამაზე საუბრობს

5ed6873e2d1e1
თამთა ჯიჯავაძე
02.06.20 23:00
1869
საქართველო და საფრანგეთი დასაქმების პროგრამაზე მუშაობენ, რაც იმიგრაციის ორგანიზების მიზნით იგეგმება. ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა BMG-ისთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ საფრანგეთში მუშაობა, უნდა ჰქონდეთ გარკვეული შესაძლებლობები.

„არ ვფიქრობ, რომ ადამიანები უვიზო რეჟიმს უნდა არღვევდნენ იმისათვის, რომ შეეცადონ სამუშაოდ საფრანგეთში ჩასვლას. ასე რომ ჩვენ ვმუშაობთ მიგრაციის შეთანხმებაზე, რათა სამუშაო ძალების ნაკადის ორგანიზება მოხდეს. ადამიანებს ტრეინინგები ჩაუტარდებათ საქართველოში, სამუშაო გამოცდილებას მიიღებენ საფრანგეთში, მერე ისევ დაბრუნდებიან საქართველოში“, – განაცხადა ელჩმა.

დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა კორონავირუსის პანდემიამ შეანელა, თუმცა, ისევ განახლდება მისი განხილვა და საკითხი ისევ დადგება დღის წესრიგში.

რაც შეეხება რაოდენობის შესახებ დასმულ კითხვას, ელჩმა უპასუხა:

„შეთანხმებაში არის რაღაც რიცხვები, რამდენი ადამიანიც უნდა გაიგზავნოს დაახლოებით, ეს რიცხვი საკმაოდ დაბალია. ჩვენ უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოვახდენთ ორგანიზებას ამ ყველაფრის ისე რომ დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ეს იქნება თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიგრაცია. ასე რომ დარწმუნებული ვარ რიცხვს რამდენიმე ათასამდე გავზრდით. თუმცა, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ სამუშაო ძალის ნაკადის ორგანიზება და შემდეგ უკვე იქნება განვითარებაც“.

დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა იანვარსა და თებერვალში საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.

„ვცდილობთ სისტემის ჩამოყალიბებას სად გაივლიან ისინი ტრეინინგს, და რა სამუშაო შესაძლებლობებია საფრანგეთში, ძალიან ბევრი სექტორია საჯარო სექტორში, კომპანიებში, პროფესიული ინსტიტუტები ეძებენ ადამიანებს“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.