მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში იანვრიდან ხილ-ბოსტნეული პლასტიკის შეფუთვით აღარ გაიყიდება

6165445de0217
თათია კაკიაშვილი
12.10.21 23:00
907
პლასტმასის ნარჩენების შემცირების მიზნით, 2022 წლის იანვრიდან საფრანგეთში ყველა სახეობის ხილ-ბოსტნეულის პლასტიკის შეფუთვა იკრძალება. ინფორმაციას CNN საფრანგეთის გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობთ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მთავრობამ ხილ-ბოსტნეულის 30-მდე სახეობის სია გამოაქვეყნა, რომელიც ახალ წესს დაექვემდებარება და იანვრიდან პლასტიკური შეფუთვის გარეშე გაიყიდება. სია მოიცავს პრასს, ბადრიჯანს, პომიდორს, ვაშლს, ბანანს, ფორთოხალს და სხვა ხილ-ბოსტნეულს.

„ყოველდღიურად ერთჯერად პლასტიკურ შეფუთვას ძალიან დიდი რაოდენობით ვიყენებთ, რაც აღმაშფოთებელია. ცირკულარული ეკონომიკის კანონი მიზნად ისახავს პლასტიკური შეფუთვის გამოყენების შემცირებას და მის ჩანაცვლებას სხვა, მრავალჯერადი გამოყენების და გადამუშავებადი მასალებით“, - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, საფრანგეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვით გასაყიდი ხილ-ბოსტნეულის 37% ბაზარზე მსგავსი შეფუთვით იყიდება, რაც წელიწადში მილიარდზე მეტ უსარგებლო და ზიანის მომტან პლასტიკურ შესაფუთ მასალას უდრის. ამასთან, საფრანგეთის ხილის გამყიდველთა ფედერაციის პრეზიდენტის ფრანსუა როხის განცხადებით, ამ მცირე დროში მოვაჭრეებისთვის პლასტიკური შეფუთვის მუყაოთი ჩანაცვლება რთული იქნება. მისივე თქმით, კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ შეუფუთავ გასაყიდ ხილ-ბოსტნეულს ხელით უამრავი ადამიანი შეეხება, რაც მსგავსი პროდუქციის გაყიდვას შეაფერხებს.

ცნობისთვის, პლასტიკური შეფუთვის აკრძალვა საფრანგეთის მთავრობის მრავალწლიანი პროგამის ნაწილია. ამავე პროგრამის ფარგლებში, 2021 წლიდან ქვეყანაში აკრძალულია პლასტმასის ჭიქები, თეფშების და დანა-ჩანგლის წარმოება-გაყიდვაც.